ბრიტანეთი Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების დროებით ნაციონალიზაციას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა რუსული სახელმწიფო კომპანიის Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების - Gazprom Energy-სა და Marketing & Trading Retail-ის დროებით ნაციონალიზაციას გეგმავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Gazprom Energy ქვეყნის მასშტაბით 30 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსული კომპანია ვერ შეძლებს ბუნებრივი აირის უწყვეტ მიწოდებას, ის გაერთიანებული სამეფოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეჟიმში გადასვლის მთავარი კანდიდატი გახდება.
მთავრობის განმარტებით, გაერთიანებული სამეფო ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, რადგან მისი წილი მიწოდების საერთო მოცულობაში 4%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში, Gazprom Energy-ს წილი საკმაოდ მაღალია და ის 20%-ს აღწევს. გაერთიანებული სამეფოს ნაციონალიზაციის გეგმა სწორედ ამ უკანასკნელზეა მიმართული.
აღსანიშნავია, რომ გეგმის ზუსტი დეტალები და პირობები ჯერჯერობით უცნობია.
