მამარდაშვილი თუ სილესენი - ესპანური მედია "ვალენსიას" მეკარეებს ადარებს

ესპანურმა Levante-emv-მ "ვალენსიას" ძირითადი მეკარეობისთვის მებრძოლი გოლკიპერების - იასპერ სილესენისა და გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკა ერთმანეთს შეადარა, რითაც საკმაოდ საინტერესო სურათი მოგვცა:
გიორგი მამარდაშვილის პროფესიული ზრდა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. იგი ახლა უფრო ფხიზელი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული და, რაც ყველაზე მთავარია, წნეხისადმი მდგრადი გახდა. ითამაშებს კი გიორგი "ბეტისთან" 23 აპრილს თასის ფინალში? გამოკითხულთა 73%-ის აზრით, ეს ასე უნდა მოხდეს.
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ქართველმა დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონს იასპერ სილესენზე უკეთ ატარებს - ამაზე ფაქტები გვესაუბრებიან. გიორგისა (1260) და იასპერის (1278) ნათამაშები წუთები თითქმის თანაბარია, თუმცა პირველმა ოდენ 14 გოლი გაუშვა (13 ლა ლიგაში და 1 თასზე), ხოლო მეორემ - 26.
მამარდა დომინირებს მშრალად ჩატარებულ შეხვედრებშიც - ქართველმა 14-დან 7 მატჩი გოლგაუშვებლად დაასრულა და გოლის გარეშე ჯამში 387 წუთი აქვს აქტივში. რაც შეეხება სილესენს, მან 14-დან მხოლოდ 3 შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
თამაშში საშუალოდ მამარდაშვილი 1 გოლს უშვებს (14 მატჩი, 14 გოლი), ანალოგიურ ასპექტში ნიდერლანდელის მაჩვენებელი კი თითქმის 2-ია - 1,85 (14 მატჩი, 26 გოლი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი "ვალენსიას" 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. ახალგაზრდა კიპერმა მისი გამოცდილი კონკურენტის - იასპერ სილესენის მომეტებული ტრავმიანობით დიდებულად ისარგებლა და "ლოს ჩეს" პირველ მეკარედაც მოგვევლინა.
