პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ემიგრანტები უცხოეთში ხმას ვეღარ მისცემენ
პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონით, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებენ თუ საქართველოში არ ჩამოვლენ.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებას მხარი პარლამენტის 79-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 11 წევრი იყო.
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებით, მომავალში საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე და საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ აღარ გაიხსნება.
ცნობისთვის, 17 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებდა ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ მიეცა. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 95 910-ს, მათ შორის იყო 57 528 (59.98%) ქალი და 38 382 (40.02%) კაცი. ხმა მისცა 34 296-მა მოქალაქემ.












