საბურავებით, ჯართით და ექსპლუატაციიდან გამოსული ტრანსპორტით გარემოს დაბინძურებისთვის კანონი გამკაცრდა
საბურავებით, ჯართით და ექსპლუატაციიდან გამოსული ტრანსპორტით გარემოს დაბინძურებისთვის კანონი გამკაცრდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამის ცვლილებას პარლამენტმა მხარი 79 ხმით მესამე მოსმენით დაუჭირა. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ცვლილებების მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც გარემოს დაბინძურების პრევენციას მოახდენს.
პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის როგორიც არის: მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე; ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება; ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება და ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა.
"წარმოდგენილი კანონპროექტით, კონკრეტული სამართალდარღვევისთვის მოთხოვნილია სანქციების ზრდა. მათ შორის, დღეს მოქმედი 200-ლარიანი სანქცია იზრდება 6000 ლარამდე, ხოლო არსებული უმაღლესი 1000-ლარიანი ჯარიმა – 30 000 ლარამდე. დაჯარიმებების სტატისტიკა საკმაოდ დიდია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დინამიკაში ეს ტენდენცია კლებადია, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მაია ბითაძემ.
სამართალდარღვევებისთვის აღმასრულებელ უწყებად განსაზღვრულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები.
წყარო: ბიზნეს მედია












