რამ განაპირობა ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის ზრდა
ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ავტომობილების გაზრდილი იმპორტ-ექსპორტი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.
საქმე ისაა, რომ წელს 9 თვეში საქართველოში 2.8 მილიარდი დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც წლიურად 9.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 2 მილიარდი დოლარის ავტომობილები გავიდა, რაც წლიურ ჭრილში 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ “საქმის კურსში" თქვა, გაზრდილ ვაჭრობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით უცხოელ ავტოდილერებს, ადგილობრივების წილი კი მცირდება.
“ცენტრალური აზიის ბაზრებზე ნეგატიური მოლოდინები იყო, იმ გაგებით, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები გატარდა. ეს ნეგატიურ მოლოდინებს ქმნიდა მომხმარებლისთვის. თუმცა ვითარება დარეგულირდა, გაირკვა ბევრი საკითხი, შემდეგ კი ბაზარზე დამატებითი მოთხოვნაც გაჩნდა.
თუმცა ბაზრის ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ ერთდროულად ყველა შემოვიდა ამ ბაზარზე და ყველას ჩამოჰყავს ავტომობილი, როგორც არარეზიდენტს, ისე რეზიდენტებს.
ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია რომ გაიზარდა, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოქალაქის მსყიდველუნარიანობა გაიზარდა?! ასე უცბად გავმდიდრდით და 100 ათასი მანქანით მეტი გვყავს?! ეს ის ავტომობილებია, რომლებიც რეექსპორტისთვის იყო შემოყვანილი, ვერ გაიყიდა და დარჩა საქართველოში. ქართველი დილერები თამაშგარე მდგომარეობაში რომ დარჩნენ, იძულებული გახდნენ დაერეგისტრირებინათ მანქანა და განებაჟებინათ ავტომობილი, რაც მათთვის ზარალია. ეს აქტივია, რომლის უკან დაბრუნებაც ფულის სახით ჭირს”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების, 1 მილიარდი დოლარის ავტომობილები რეექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა. მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებს 567 მილიონი დოლარით, სადაც ექსპორტი წელს 3%-ით გაიზარდა.













