კურსის გაუფასურებამ საქართველოს საგარეო ვალი თებერვალში 900 მილიონით გაზარდა

კურსის გაუფასურებამ საქართველოს საგარეო ვალი თებერვალში 900 მილიონით გაზარდა
21-03-2022, 14:42
82

ლარის გაუფასურება საქართველოს სახელმწიფო ვალზე ნეგატიურად მოქმედებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.12 მილიარდი დოლარი, ანუ 25.63 მილიარდი ლარია. იანვართან შედარებით სახელმწიფო ვალი დოლარებში $26 მილიონით გაიზარდა, ლარებში კი მატება 908 მილიონი ლარი, ანუ თითქმის ერთი მილიარდი ლარი იყო. ეს ზრდა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ განაპირობა. თუკი 31 იანვარს ერთი დოლარი 3.05 ლარი ღირდა, 28 თებერვალს კურსი 3.15-ს შეადგენდა. ბოლო რამდენიმე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა, რაც სახელმწიფო ვალის ნაშთის ზრდას იწვევს.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილს მსოფლიო ბანკის მიმართ არსებული სესხები იკავებს, რომლებიც ქვეყანამ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს და მის მიმართ საქართველოს 1.86 მილიარდი დოლარი მართებს. რაც შეეხება ორმხრივ სესხებს, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 691 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სატატისტიკა

● მსოფლიო ბანკი IDA და IBRD - $2.03 მილიარდი დოლარი;
● აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1.86 მილიარდი დოლარი;
● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $806 მილიონი დოლარი;
● საფრანგეთი (AFD) - $691 მილიონი დოლარი;
● გერმანია (KFW) - $670 მილიონი დოლარი;
● საქართველოს მთავრობის ევროობლიგაცია - $500 მილიონი დოლარი;
● ეროვნული ბანკის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) - $466 მილიონი დოლარი;
● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $229 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ვალი სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) - $205 მილიონი დოლარი;
● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $194 მილიონი დოლარი;
● იაპონია - $186 მილიონი დოლარი;
● ევროგაერთიანება (EU) - $149 მილიონი დოლარი;
● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი - $25 მილიონი დოლარი;
● ავსტრია - $16 მილიონი დოლარი;
● ამერიკა - $13 მილიონი დოლარი;
● კუვეიტი - $11 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - $7 მილიონი დოლარი;
● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - $5 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი - $4 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - $4 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - $3 მილიონი დოლარი;
● ირანი - $3 მილიონი დოლარი;
● სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - $2 მილიონი დოლარი;
● ჩინეთი - $0.5 მილიონი დოლარი;

წყარო: bm.ge

FACEBOOK კომენტარები