რონალდუ Perplexity AI-ს ინვესტორი გახდა

რონალდუ Perplexity AI-ს ინვესტორი გახდა
4-12-2025, 21:08
23

ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ხელოვნური ინტელექტის ამერიკული სტარტაპის, Perplexity-ს აქციონერი და ბრენდ-ამბასადორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით ამცნეს მსოფლიოს. არსებული ინფორმაციით, ინვესტირების პარალელურად, რონალდუმ სტარტაპს საკუთარი სურათების გამოქვეყნებული კოლექცია, ასევე აქამდე უცნობი ბიოგრაფიული მონაცემები მიაწოდა, რაც Perplexity-ს მომხმარებლებს ფეხბურთელზე ექსკლუზიური ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. აღნიშნულ დეტალებს Perplexity-ს გამომწერები ხელოვნური ინტელექტის სპეციალიზებულ ასისტენტთან, Ronaldo Hub-თან კომუნიკაციით გაეცნობიან.

Perplexity-სა და რონალდუს შორის დადებული გარიგება ორივე მონაწილე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს. პორტუგალიელ ფეხბურთელს სოციალურ ქსელებზე 650 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც Perplexity-ს პოპულარობას არამარტო პორტუგალიაში, არამედ ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში შეუწყობს ხელს. შესაბამისად, სტარტაპით მეტი ადამიანი დაინტერესდება და მისი გამომწერების რაოდენობაც მკვეთრად გაიზრდება. მომხმარებლების ზრდა კი ინვესტორად ქცეულ რონალდუს დამატებით ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

ამასთან, ეს სიახლე აჩენს მოლოდინს, რომ ცნობილ ფიგურებსა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს შორის პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გახშირდება. შესაბამისად, სხვადასხვა სპორტსმენი, მუსიკოსი, მსახიობი თუ საზოგადოების სხვა გავლენიანი წარმომადგენელი ტექ-სფეროს პოპულარიზებას მეტად შეუწყობს ხელს. ეს კი საგრძნობლად გაზრდის ტექნოლოგიური სფეროს ცნობადობას.

წყარო: ბიზნეს მედია

FACEBOOK კომენტარები