TESLA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდა – რა არის მიზეზი?

TESLA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდა – რა არის მიზეზი?
17-12-2025, 16:51
56

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს შეფასებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 1 ტრილიონ 630 მილიარდ დოლარს მიაღწია.

წლის დასაწყისიდან დღემდე ილონ მასკის კომპანიას 29%-იანი ზრდა აქვს, ხოლო 5-წლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 112%-ს აღწევს.

რეკორდული ზრდის მიუხედავად, წინა კვარტალში კომპანიის მოგება 37%-ით შემცირდა, ხოლო მოგების მარჟა 44%-ით დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Tesla-ს აღმასვლა არა ფინანსური შედეგებით, არამედ სამომავლო მოლოდინებით არის განპირობებული.

აღმასვლის მთავარი მიზეზი რობოტაქსის პროექტია, რომლის გამოცდა კალიფორნიის შტატში აქტიურად იწყება და ამის შემდეგ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. ინვესტორები ფიქრობენ, რომ რობოტაქსის და ავტოპილოტის სერვისი იმდენად მოთხოვნადი იქნება, რომ Tesla ამჟამინდელზე გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს.

უნდა აღინიშნოს, რომ Tesla პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად გადაფასებული კომპანიაა, რადგან მისი აქციის ფასის და შემოსავლის შეფარდების მაჩვენებელი (P/E ratio) 328-ს აღწევს, როცა სხვა ტექნოლოგიური გიგანტების საშუალო P/E-მაჩვენებელი 30-40-ის ფარგლებშია. მარტივად რომ ვთქვათ, Tesla თითქმის 10-ჯერ მეტადაა გადაფასებული, ვიდრე Apple, Google ან Meta. ასევე, ამჟამინდელი შემოსავლით Tesla-ში ჩადებული ინვესტიციის გასტუმრებას 328 წელიწადი დასჭირდება.

Tesla-ს აქციების რეკორდული ზრდის ფონზე, ილონ მასკის ქონების შეფასებამ 648 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

წყარო: ბიზნეს მედია

FACEBOOK კომენტარები