ტრამპი ცენტრალიზებული AI რეგულაციების დაწესებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის ერთიან სარეგულაციო ჩარჩოს შექმნის. შესაბამისად, ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა საკითხი ფედერალური კანონმდებლობით დარეგულირდება და სახელმწიფოს რისკებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. მთავარი მიზეზი, რომელზეც ტრამპი საუბრობს არის ის, რომ დღესდღეობით 50-ვე შტატში დამოუკიდებელი კანონმდებლობა მოქმედებს, რაც ინოვაციების დანერგვასა და განვითარებას ხელს უშლის.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ კონგრესში წარუმატებლად დასრულებული სხდომები უძღოდა. წარმომადგენელთა პალატის წევრების ნაწილი რეგულირების ფორმულირებაზე ვერ თანხმდებოდა, ეს კი ქვეყანაში საერთო კანონმდებლობის შემოღებას აჭიანურებდა. ტრამპი მოელის, რომ კონგრესისთვის გვერდის ავლით საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, თუმცა კრიტიკულად განწყობილი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებენ და არ დაუშვებენ ისეთი რეგულაციების შემოღებას, რომლებიც მათ ამომრჩევლებს არ სურთ.
რაც შეეხებათ გადაწყვეტილების მომხრეებს, მათი უმრავლესობა ტექ ინდუსტრიას წარმოადგენს. მათი შეფასებით, საყოველთაო სისტემის შემოღება ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. გაზრდის, რადგან ტექნოლოგიების გამოცდა და დანერგვა კონკრეტული შტატების ხელმძღვანელობაზე აღარ იქნება დამოკიდებული. ამასთან, ზეგავლენის ინსტრუმენტს დაკარგავენ იმ შტატების კანონმდებლები, რომლებიც უალტერნატივოდ დარჩენილ კომპანიებზე ზეწოლას ახდენენ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულების დეტალები ჯერ არ საჯაროვდება. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, თუ რა სახის საკანონმდებლო ჩარჩო ჩამოყალიბდება.
წყარო: ბიზნეს მედია












