მიხეილ მგალობლიშვილი – ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი

436

ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი, – ამის შესახებ ‘ბირჟა მაფიის“ წევრმა მიხეილ მგალობლიშვილმა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, სირცხვილია, ვინც მიმდინარე პროცესებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„სირცხვილია მათი, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველასი მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება, რომ ვებრძოლოთ უსამართლობას“, – განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

მან სააპელაციო სასამართლო მხარდამჭერთა შეძახილების ფონზე დატოვა. ამასთან, ემოციური იყო გათავისუფლების შემდეგ მისი ქმედება. მგალობლიშვილმა სხდომათა დარბაზი  იმ სიმღერის შესრულებით დატოვა, რომელსაც მის დაკავებას უკავშირებს.

ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი თავისუფალია. სააპელაციო სასამართლომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა.

მოსამართლის აზრით, მიხეილ მგალობლიშვილის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, მისი გათავისუფლება 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან მოხდა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

Newstime