Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტი – “გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია”

153

„საქართველოში ნამდვილად კარგი პირობებია ტურიზმის განვითარებისათვის, გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, შესანიშნავი გარემოთი და ჩვენ ვგეგმავთ, აქ საქმიანობა არამარტო ზამთრის სეზონისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში გავააქტიუროთ” – ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ჯენკინსმა განაცხადა, რომელმაც გუდაურში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს – „Radisson Blu Gudauri”-ს სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერა. Carlson Rezidor Hotel Group და კომპანია „რედ-კო” „Radisson Blu Gudauri”-ს გახსნას 2018 წელს გეგმავენ.
„მოხარული ვარ გუდაურში ყოფნით. ,,რედისონი” გუდაურს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და შედეგი უკვე აშენებული კომპლექსია – ,,რედისონ ბლუ” 100 ოთახით, რომლის მფლობელიც „რედკო” გახლავთ. გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, გარემო კი შესანიშნავი. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ და უფრო დიდი კომპლექსის აშენებას ვაპირებთ – მეტი ოთახებით, მეტი რესტორნებით და შეხვედრის ადგილებით. ჩვენ ამას ვაპირებთ არამარტო ზამთრის სეზონისთვის – გუდაური მთელი წლის განმავლობაში უნდა გავააქტიუროთ” – განაცხადა დევიდ ჯენკინსმა.
მისივე თქმით, კომპანიის გეგმები მხოლოდ ამ კომპლექსით არ შემოიფარგლება, რადგან საქართველოში კარგი პირობებია ტურიზმის განვითარებისათვის. „გუდაურის გარდა, ვაპირებთ სასტუმრო ავაშენოთ ბათუმში, წინანდალში და თბილისში. მოხარულები ვართ, როცა სტუმარი ჩვენი მომსახურებით კმაყოფილია და პორტფოლიოს გაფართოების საშუალებას იძლევა” – აღნიშნა ჯენკინსმა.
სასტუმრო „Radisson Blu Gudauri 150 ნომრით და მაღალი კლასის სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი, როგორებიცაა რესტორნები და ბარები, საკონფერენციო დარბაზები, სპა ღია და დახურული აუზი, გასართობი ცენტრი და ა.შ. ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტირებაზე გერმანელი და ქართველი არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს.
„რედ-კოს” ინფორმაციით, თავდაპირველი გეგმით, სასტუმრო „Radisson Blu Gudauri”-ს გახსნა იგეგმებოდა კურორტზე უკვე არსებულ შენობაში, რომელიც გათვლილი იყო 100 ნომერზე, თუმცა, კურორტის პოტენციალის შეფასების შედეგად, კომპანია Carlson Rezidor Hotel Group-მა გადაწყვიტა უფრო მსხვილი სასტუმროს მშენებლობა. მათი ინფორმაციით, ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

,,ძალიან სასიამოვნოა, რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო გუდაურში კიდევ ერთ პროდუქტს ქმნიან. ეს იმის მანიშნებელია, რომ კურორტი სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ევროპის დონის სათხილამურო კურორტს, რომელსაც ერქმევა გუდაური” – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, რომელმაც Carlson Rezidor Hotel Group-ის წარმომადგენლებს კურორტი დაათვალიერებინა და იქ მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურის განვითარების მასშტაბური, გენერალური გეგმა სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა, მსოფლიოში ცნობილმა კანადურმა კომპანიამ „ეკოზაინმა შეიმუშავა, რომელსაც დაგეგმარებული აქვს ავსტრიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ცნობილი კურორტები. ,,ეკოზაინის” მიერ შემუშავებული გენერალური გეგმის მიხედვით, კურორტზე აშენდება საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები, მოეწყობა დასვენებისა და გასართობი ტიპის ინფრასტრუქტურა – მაღაზიები, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, ტენისის კორტები, ყინულის მოედანი, სპა ცენტრები და კაზინო. კურორტი ასევე აღჭურვილი იქნება თანამედროვე და კომფორტული (მიწისქვეშა და მიწისზედა) ავტოსადგომებით.

Newstime