საქართველოში აღმოჩენილ დისკოებზე კოსმოსის საიდუმლო ინახება

154

გასული საუკუნის 70–იან წლებში ქართველმა არქეოლოგებმა ბორჯომის ხეობაში, კვირაცხოვლის სამაროვანში, ქურუმ ქალთა სამარხები აღმოაჩინეს. ყველა ემბრიონის პოზაში იყო დამარხული და გულზე დისკო ეკიდათ. სულ 25 დისკოა აღმოჩენილი. მათი დიამეტრი 21–23 სმ–ია და ზედ სხვადასხვა ორნამენტია გამოსახული. დისკოებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, მეცნიერები დღემდე სწავლობენ. ჯერჯერობით მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან მათი სრულყოფილი შესწავლა არ მომხდარა.

მეტაფიზიკოსი ნაზი ხანიაშვილი თვლის, რომ დისკოები ქურუმ ქალთა სარიტუალო ნივთი იყო და მათი საშუალებით ქურუმები სხვა განზომილებაში, ასტრალში გადადიოდნენ, ზეციურ ძალებს უკავშირდებოდნენ. მეცნიერის აზრით, საქართველოში აღმოჩენილ დისკოებზე სამყაროს შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია ინახება. იგი გვიამბობს, რა დასკვნებია გაკეთებული ამ უძველესი ნივთების შესწავლის შედეგად.

– ქალბატონო ნაზი, დისკოებს ყველა ქურუმი ატარებდა?

– დისკოები უმაღლეს ქურუმებს, იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომთ ჰქონდათ. მათ დისკოს ქმედებაში მოყვანა შეეძლოთ.

– ემბრიონის პოზაში რატომ მარხავდნენ?

– არქეოლოგიური მასალები მიგვითითებს, რომ ძველ დროში ყველას ემბრიონის პოზაში მარხავდნენ. მაშინდელი კოსმიური აზროვნებით, ყველა ადამიანი დედაში, ანუ საწყისში უნდა დაბრუნებულიყო. საწყისში დაბრუნება კი მხოლოდ ემბრიონის პოზაში შეიძლებოდა. ქალებს მარცხნივ გადაბრუნებულს კრძალავდნენ, კაცებს – მარჯვნივ. დისკოები მზის წნულთან აქვთ დადებული. ქურუმი ქალები სამყაროს შესახებ უზარმაზარ ცოდნას ფლობდნენ. ეს ცოდნა დისკოებსაც ეტყობა. ჩემი აზრით, ეს დისკოები იგივე მანდალაა.

მანდალა რა არის?

– მანდალა ბუდისტურ მითოლოგიაში საკრალური სიმბოლო, სარიტუალო საგანია. მისი საშუალებით ქურუმები უზენაესს უკავშირდებოდნენ და მის ნებას იგებდნენ. მანდალათი სხვა განზომილებაში რიტუალურ გადასვლას ასრულებდნენ. მსოფლიო მითოლოგიაში მანდალა ღმერთთა სამლოცველოა. ღვთაებები ციდან მანდალას ცენტრში, ლოტოსის ადგილზე ეშვებიან და ნაყოფიერების, წარმატების, სიუხვის აქტს განახორციელებენ. რიტუალის წარმმართველი მანდალას ცენტრში დგება და ელოდება ღვთაებრივ სულს, რომელიც მასზე უნდა გადავიდეს. მანადალა განსაკუთრებულ ენერგიას ანიჭებს მის ცენტრში მყოფ მლოცველს და მასთან კავშირს ამყარებს.

წარმართობის პერიოდის სალოცავებს თითქმის ყველა ქვეყანაში მანდალას ფორმა ჰქონდა. ტიბეტის, ინდოეთის ბევრი საკულტო ნაგებობა მანდალას პრინციპზეა აგებული. ჩინეთის იმპერატორის სასახლეშიც უზარმაზარი მანდალაა გამოსახული. ჩემი აზრით, მთლიანად სამყარო არის დიდი მანდალა, ე. წ. შავი ხვრელი კი – მანდალას ცენტრი, სადაც ციური სხეულები სხვა განზომილებაში გადაადგილდებიან. ინდოეთში მანდალების შესახებ უზარმაზარ ცოდნას ფლობენ. ენციკლოპედიებშიც ამომწურავი ინფორმაციები არსებობს. ბორჯომის სამარხებში აღმოჩენილი დისკოების და მანდალას აგების პრინციპი ერთმანეთს ემთხვევა.

შავი ხვრელის შესახებ მეცნიერები ბევრს ბჭობენ. დაზუსტებით არავინ იცის, მის მიღმა რა ხდება. თქვენ დასკვნა რის საფუძველზე გააკეთეთ?

– ამ თემაზე ცნობილმა ფიზიკოსმა გია დვალმა საქართველოში ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა. ის ამერიკის წამყვან ფიზიკოსებთან ერთად კოსმოსის, კერძოდ კი, შავი ხვრელის მიმართულებით მუშაობს. მეცნიერთა აზრით, სამყარო მთლიანობაში არის მბრუნავი კონუსი, რომელშიც სპირალურად მბრუნავი კოსმიური ენერგია ციურ სხეულებს შავი ხვრელის მიმართულებით გადააადგილებს, სადაც ისინი შთაინთქმებიან. უცნობია, რა ხდება შავ ხვრელში და მის იქით, როგორ იტევს შავი ხვრელი იმ მოცულობის მატერიას. ბატონი გიას ლექციას მეც ვესწრებოდი. სწორედ იქ გამოვთქვი აზრი, რომ შავი ხვრელი მანდალას ცენტრია. მანდალა არის კოსმოსური მოწყობილობა, ერთგვარი სარკმელი, რომლის საშუალებითაც სამყაროს სხვა განზომილებაში გასვლაა შესაძლებელი.

სხვათა შორის, მთა–თუშეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც ძალიან საინტერესო გამოსახულებებია. მასზე ზეციური ნავი და შავი ხვრელია გამოსახული.

– საქართველოში აღმოჩენილ დისკოებზე რა არის გამოსახული?

– ქართულ დისკოებზე რუნებია გამოსახულია. რუნები არის დაშიფრული ანბანი. მეცნიერებმა ჯერჯერობით მხოლოდ 25–მდე რუნი ამოიცნეს, დანარჩენი კი უცნობია. რუნების ბოლომდე გაშიფრვა ვერც ერთმა მეცნიერმა შეძლო. ქართული დისკოები იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ მათზე ის რუნებია გამოსახული, რაც მსოფლიო მეცნიერებისთვის უცნობია. აქამდე უცნობი რუნები მთა–თუშეთში აღმოჩენილ ქვაზეც არის გამოსახული. რუნებში სამყაროზე, ღმერთსა და ადამიანზე დიდი ცოდნაა ჩადებული. უზარმაზარი ინფორმაცია კი ანბანით არის დაშიფრული. მე რამდენიმე დისკო გამოვიკვლიე და თითოეულზე სხვადასხვა, მეცნიერთათვის აქამდე უცნობი რუნებია გამოყენებული.

თქვენი აზრით, ყველა დისკოზე სხვადასხვა ინფორმაცია ინახება?

– ჩემი აზრით, დისკო საგანგებოდ იმ ქურუმისთვის დგებოდა, რომელსაც უნდა ეტარებინა. სხვა იმ დისკოს ვერ გამოიყენებდა. საკრალური მნიშვნელობა და დატვირთვა მხოლოდ პატრონის ხელში ენიჭებოდა. ამ დისკოების კვლევისას თავს უცნაური რამ გადამხდა – მე ერთ–ერთი დისკოში შესვლა მოვახერხე.

– რას გულისხმობთ?

– კატალოგს ვათვალიერებდი და ჩემი ყურადღება ერთმა დისკომ მიიპყრო. მან ისე მიმიზიდა, რომ თვალი ვერ მოვწყვიტე, სხვა ფურცელი ვეღარ გადავშალე. მეტაფიზიკური გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ დროს გარკვეულ ინფორმაციას ვიღებ. უცნობმა ძალამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ თვალები დამეხუჭა და ხელი დისკოზე დამედო. სწორედ ასე მოვიქეცი. ეს გავაკეთე თუ არა, ჩემ თვალწინ ეს დისკო გაჩნდა. მასზე გამოსახულმა ყველა ორნამენტმა წრიული მოძრაობა დაიწყო. ჯერ ნელა მოძრაობდა, მერე კი – დიდი სისწრაფით. ერთიანობაში რაღაც ქარბორბალას მსგავსი კონუსი წარმოიქმნა, რომელიც სპირალურად, დიდი სისწრაფით, წინ გადაადგილდებოდა და გვირაბს ქმნიდა. მე კი ცენტრში განთავსებულ პატარა წრესთან ვიყავი. მასთან ერთად მეც გადავაადგილდებოდი. ბოლოს ისევ მომეწოდა ინფორმაცია, რომ თვალი გამეხილა და უკან დავბრუნებულიყავი. მივხვდი, რომ იქ იყო ზღვარი, რომლის მიღმაც არ უნდა გადავსულიყავი, თორემ ჩემი ცხოვრება დამთავრდებოდა.

– უცნობ ძალას რისი მინიშნება უნდოდა?

– მიმახვედრა, დისკოს სინამდვილეში რა დანიშნულება ჰქონდა. მისი დახმარებით ქურუმი ქალები სხვა განზომილებაში გადადიოდნენ. რელიგიური რიტუალის დროს დისკო მთავარ როლს ასრულებდა. სხვათა შორის, შესვლა მხოლოდ ერთ დისკოზე მოვახერხე. იმავე მეთოდით სხვა დისკოებზეც ვცადე შესვლა, მაგრამ უშედეგოდ. მერე ისევ იმ დისკოზე ვცადე და იგივე განმეორდა.

ქურუმები ღვთაებებს კითხვებით მიმართავდნენ და მათგან პასუხებს ითხოვდნენ. დისკოს ამ დანიშნულებით გამოყენება თქვენც შეგიძლიათ?

– არა, რადგან ეს უკვე მაგიასთან მიდის და ასეთი რამის გაკეთება გამორიცხულია. მე იმას ვაკეთებ და იმაზე ვსაუბრობ, რისი უფლებაც მაქვს. ასეთ საკითხებთან მიახლოებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს ზღვარი უნდა დაიცვა.

Read more:

წყარო

Newstime