სკრინინგ ცენტრში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევა დაფინანსდება

144

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ა. წერეთლის გამზ. N69–სა და კალოუბნის ქ. N12–ში.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზის სკრინინგს ექვემდებარებიან 10–დან 18 წლის ჩათვლით, ხოლო ბრტყელტერფიანობის სკრინინგს – 4–დან 15 წლის ჩათვლით პირები.
“ქვეპროგრამის შემდეგი მომსახურების – აღდგენითი თერაპიის ჩასატარებლად დაფინანსებას ექვემდებარება სქოლიოზის დიაგნოზისას რენტგენოლოგიურად დადასტურებული ხერხემლის 100-დან 450-ის გადახრის კუთხის მქონე შემთხვევები. კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება:
• სამკურნალო მასაჟი – არაუმეტეს 15 პროცედურა;
• სამკურნალო ფიზკულტურა – არაუმეტეს 15 პროცედურა;
• ფიზიოთერაპია – არაუმეტეს 8 პროცედურა.
მომსახურების მოცულობის შესაბამისად, აღდგენითი თერაპიის დაფინანსების ჯამური მოცულობა შეადგენს 244 ლარს. ამასთან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მომსახურება უფინანსდებათ სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს – 70%–ით.
ქვეპროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარების შემდეგ, აღდგენითი თერაპიის დაფინანსების მისაღებად გამოკვლეული პირის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სქოლიოზის სკრინინგის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ორთოპედის მიერ თბილისის მერიაში განცხადების რეგისტრაციამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებული იქნება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგი ხერხემლის გადახრის კუთხესთან დაკავშირებით და აღდგენითი თერაპიის საჭირო კურსის მოცულობა.
განცხადების შესწავლის შემდეგ, ქვეპროგრამის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებისა და სრული დოკუმენტაციის შემთხვევაში, საქალაქო სამსახური დაფინანსების თანხმობის წერილს გასცემს, რომლითაც ბენეფიციარი მერიაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

წყარო

Newstime