გიორგი კვირიკაშვილი – დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ვიდრე ეს საქმე არ აისახება თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე

201

ქვემო ქართლი აგრარული რეგიონია და ამიტომ ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.ეს საჭიროა აქაური მოსახლეობისთვის, რომელიც გულმოდგინედ შრომობს, მოსავალი მოჰყავს და ნატურალური ქართული პროდუქტით ამარაგებს მთელ საქართველოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა კვლავ გააგრძელებს დაწყებულ პროექტების განხორციელებას, ვიდრე შედეგი თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე არ აისახება.

„ჩვენმა მთავრობამ არაერთი პროექტი წამოიწყო, რომლებმაც სოფელს, ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ჩვენ ხვნის პროცესში დავეხმარეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო მიწებს ვერ ამუშავებდა. და დღეს პრაქტიკულად მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ გავაგრძელებთ ყველა პროგრამას – გავაგრძელებთ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშემწყობ პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, სანამ არ დავინახავთ, რომ ეს აისახა თითოეულ ადამიანზე, თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე, მის კეთილდღეობაზე“,- აღნიშნა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მიმართა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მათ თავდადებული შრომისთვის.

„მივმართავ ქვემო ქართლის მოსახლეობას, ქართველებს განსაკუთრებით კი, მინდა მივმართო  აზერბაიჯანული ეროვნების ჩვენს თანამოქალაეებს – ჩვენი ქვეყნის ერთგულ ხალხს და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ძმობისთვის და თავდადებული შრომისთვის, – თქვენ ჩვენს ქვეყნას, ჩვენს ნდობას ნამდვილად  დიდ პატივს ცემთ და ჩვენ თქვენს ნდობას აუცილებლად  გავამართლებთ და თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. „ქართული ოცნება“ კვლავ იქნება თითოეული თქვენთაგანის, თითოეული თქვანთაგანის ოჯახის სამსახურში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

Newstime