რატომ არის ფიროსმანი უნიკალური, რატომ გახდა იგი ქვეყნის სავიზიტო ბარათი

149

მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ფიროსმანი საქართველოს სავიზიტო ბარათია, როგორც ღვინო და ხალხური ცეკვა-სიმღერა, მისი სიღრმისეული გაგება და შეფასება ქართულ საზოგადოებაში ჯერ არ მომხდარა. ამით ნიკო ფიროსმანი ძალიან ჰგავს შოთა რუსთაველს, ყველა აქებს, მაგრამ ცოტას ესმის. ხელოვნებას, როგორც მეცნიერების ნებისმიერ დარგს, ახსნა და სწავლა სჭირდება, ამაზე აღარავინ დაობს, ერთია მხოლოდ, მის ასახსნელად ძალიან ცოტას თუ ჰყოფნის დრო და კომპეტენცია.

”ეს შედევრია და აუცილებლად უნდა წაიკითხო, ნახო, მოისმინო” – ამგვარი სიტყვები რასაკვირველია, ახდენს შთაბეჭდილებას ახალგაზრდაზე, მაგრამ თუ ვერ ავუხსენით, რის გამოა ესა თუ ის ნაწარმოები შედევრი, იგი მას აქსიომად მიიღებს, მაგრამ გულგრილი დარჩება, ხოლო როცა საკუთარი აზრის გამოთქმას მოსთხოვენ, დაიბნევა, მხრებს აიჩეჩავს, ან უფრო მეტიც – აგრესიული ხდება. პედაგოგები მსგავსი სიტუაციის მომსწრენი ლამის ყოველდღე ვართ.

რატომ არის ფიროსმანი გენიალური? ბუნებრივია კითხვა, რომელიც უნდა დასვას ახალგაზრდამ, რომელიც მის მხატვრობას პირველად გაეცნობა. და თუ არ დასვამს, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა ჩავეკითხოთ, რადგან გაუაზრებლად და ანალიზის გარეშე მიღებული სენტენციები მას აზროვნებას არ განუვითარებს.
იმიტომ რომ, ფუნჯის 2-3 ძალდაუტანებელი მოძრაობით ამგვარი სახვითი ეფექტის მიღება, რასაც ფიროსმანი აკეთებს, გენიოსს შეუძლია მხოლოდ; იმიტომ რომ ის არავის არ ჰგავს თავისი სტილითა და მანერით, ხელოვნებაში კი, საკუთარი ხელწერის პოვნა ასევე გენიოსთა ხვედრია; იმიტომ რომ მის შემოქმედებაში მოხდა ქართული მხატვრული პირობითობისა და დასავლური რეალიზმის, შუასაუკუნოვანი ქრისტიანული კედლის მხატვრობის მონუმენტურობისა და ევროპული დაზგურობის შერწყმა, ამიტომ მისი ნამუშევრები – ერთგვარ კულტურულ გზაჯვარედინს წარმოადგენს. რომ ხელოვანი მნიშვნელოვანი და დიდია მაშინ, როცა მისი შემოქმედება და განსაკუთრებული მხატვრულ-გამომსახველობითი მიგნებები საშუალებას იძლევა ხელოვნების ამა თუ იმ დარგის სპეციფიკური ენის რაობაზე ვილაპარაკოთ, როცა მას აქვს ისეთი სამეტყველო არსენალი, როგორც ფიროსმანს – საკუთარ მხატვრულ სამყაროში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრის, სივრცე-სიბრტყის გაგების, სურათს შინა „გრავიტაციის” სახით. და რომ ქართული კულტურის იდენტობის თვალსაზრისით, განუზომელია ფიროსმანის, როგორც „ახალი ქართული მხატვრობის ფუძემდებლის” მნიშვნელობა. და როცა ფიროსმანის შესახებ ვამბობთ, რომ იგი თვითნასწავლია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა აკადემიური განათლება მიღებული და არა იმას, რომ მას ხატვა არ უსწავლია.

download

Newstime