სალომე ზურაბიშვილი-მთავარია, სიმშვიდე შენარჩუნდეს, თუნდაც იმის ფასად, რომ უვარგისი პრეზიდენტი მაინც მოვითმინოთ.

290

საგარეო საქმეთა ყოფილი მინსიტრი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუტი განუყოფელია, მას თუ სცემ პატივს, მის ინსტიტუტებსაც ეგრევე უნდა მოექცე! ეს არის პრინციპული აქსიომა, რისი მჯეროდა მუდამ და დღესეც მჯერა! მაგრამ… რაც უკვე მიჭირდა, როცა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი თავს პლასტელინად აღიქვამდა, რაც მცხვენოდა, როცა უცხოელების წინაშე ბავშvურ ჯიბრში ჩაება, რაც ქვეყნის და საზოგადოების შეურაცხყოფად მივიღე, როცა თავის სექსუალურ ვითომცდა თავისუფლებით დაიწყო პოზირება… დღეს უკვე გასცილდა ყველა მიღებულ ნორმას და წესს… მან დაიწყო – ნაციონალების მსგავსად – ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მანევრირება! ეს აშკარაა მის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილების მიმართ გაკეთებულ კომენტარში… ეს ხდება იმ დროს, როცა პრემიერი იმყოფება გერმანიაში და ატარებს შეხვედრებს ევროპაში ყველაზე წონიან ჩვენს პარტნიორთან… ეს განცხადება არ არის პირველი წესის დარღვევა: სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგში მან განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნები საკმაოდ რთულ კონტექსტში ჩატარდებოდა „პროდასავლურ და სკეპტიკოსებების ძალთა შორის” (ანუ დაჰყო საქართველო პროდასავლურ და პრორუსულ ძალების შორის მორიგ სააკაშვილის მოდელზე )… ამასთან ერთად, კიდევ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ვითომც დემოკრატიული და უცხოეთზე მორგებული, როგორც მერაბიშვილის გათავისუფლების თუ „რუსთავი 2″-ის მხარდაჭერა (ადამიანისგან, რომელსაც არავითარი წვლილი არც ნაციონალურ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არც „იმედის” დაცვაში არ მიუღია)… კიდევ ვითომცდა უმნიშვნელო პროვოკაციები, როგორც მიშველაძის დანიშვნა ან ვანო მაჭავარიანის დაბრუნება… არათუ პრეზიდენტობის ყველა წესს და წონასწორობას არღვევს ამითი პრეზიდენტი, არღვევს ასევე ახალ პრემიერთან მიღწეულ „ზავს” და უკვე აშკარად ირჩევს თავის „გუნდს”… ამ ნაბიჯებით იგი მიდის ღია პროვოკაციაზე და რეაქციის გამოწვევაზე… ეს ძალიან საყურადღებოა, რამეთუ კვირიკაშვილმა პოპულარობა მოიპოვა გარკვეულწილად გაწონასწორებული, დინჯი და სახელმწიფოებრივი ქცევით… ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, მიზანმიმართულად ემსახურება იმას, რომ პრემიერი წყობიდან რამენაირად გამოიყვანონ იმისთვის, რომ ხელახლა გაიხლიჩოს ხელისუფლება და დაიყოს საზოგადოება… ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” ღია სტრატეგია, მიმართული არეულობისა და დაპირისპირებისკენ… ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი თავის ფუნქციას და დადებულ ფიცს პატივს არ სცემს და ამ სტრატეგიაში ებმება, შეგნებით თუ გაზრდილი ამბიციებით დაბრმავებული, ეს კი სულერთია!

 

თუმცა, რაც არ უნდა მიუღებელი და გამაღიზიანებელიც იყოს ასეთი „გამოყენება” დაუმსახურებელ ფუნქციისა, ამ პროვოკაციის ანკესზე არავინ უნდა წამოეგოს!.. რამეთუ, სცენარი სწორედ ამაზეა გათვლილი: ვინმეს ნერვები უმტყუნებს და პრეზიდენტის გადაყენებას მოინდომებს (ხომ ხვდებით რა „მოდელირებული 90-იანი წლების” სცენარი მოიფიქრეს!)

 

ამდენად, მთავარია, სიმშვიდე შენარჩუნდეს, თუნდაც იმის ფასად, რომ უვარგისი პრეზიდენტი მაინც მოვითმინოთ… რა ვქნათ, ისე თუ ასე არჩეულ იქნა, და ეს ლოდი უნდა აწი ვიტვირთოთ … ასე მოითხოვს ქვეყნის ინტერესი… ხალხი კი ბრძენია და თვითონ შემდეგ გაარჩევს …” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

Newstime