ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს

243

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს ამორჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

იმისათვის, რომ მათ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მათ შეუძლიათ მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიიღებენ.

„პირველ აგვისტომდე დარჩა სულ რამდენიმე დღე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ცესკო-ს სპიკერმა დღეს პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართა – „ასევე, მინდა შევახსენო იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და სურთ არჩევნებში მონაწილეობა, მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მომართონ მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე, რის შემდეგაც მათ უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სიები.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, ცესკო-ს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მომართოს მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

Newstime