გიორგი ვოლსკი: პაპუაშვილის განცხადება „ნაცმოძრაობის“ გეგმების ჩაშლას საეჭვოდ დაემთხვა

148

ლია მუხაშავრია: ამ შემთხვევაში პირდაპირი მოპასუხე მხარე არის პარლამენტი და პრეზიდენტი, ანუ ისინი, რომელთაც ნორმატიული კანონქვემდებარე აქტით კანონის მიღების უფლება აქვთ. შესაბამისად, ზეწოლით დაინტერესებული უნდა იყვნენ მხოლოდ ეს ორგანოები. შეიძლება ამაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების მაღალი ეშელონები… მჯერა, პაპუაშვილს აქვს შესაძლებლობა, პირდაპირ შეხვდეს მთავარ პროკურორს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს და განიხილოს ეს პრობლემა…

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირებით შანტაჟზე ლაპარაკობს, მმართველი პარტია კი გიორგი პაპუაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ინტერესების კონტექსტში განიხილავს. „კვირის პალიტრასთან” ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი საუბრობს:

– საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის” სარჩელს განიხილავდა. „ნაციონალები” ამტკიცებდნენ, რომ საარჩევნო უბნები არაკონსტიტუციურად განისაზღვრა. მოსამართლეების ხმები გაიყო, ოთხმა სარჩელს მხარი დაუჭირა, დანარჩენებმა – არა, შესაბამისად, „ნაცმოძრაობის” მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა.

თუ პროცესი სხვაგვარად წარიმართებოდა და სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებდა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისი შეიქმნებოდა.  „ნაციონალური მოძრაობის” მიზანიც ეს იყო. პაპუაშვილის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” გეგმების ჩაშლას საეჭვოდ დაემთხვა, თანაც მსგავს განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კონკრეტული ფაქტების გარეშე არ უნდა აკეთებდეს.

– მსგავსი განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე გავლენას არ მოახდენს?

– წინასაარჩევნო გარემოს არა მხოლოდ „ქართული ოცნების” წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ელჩებიც დადებითად აფასებენ.

– წინასაარჩევნოდ იგორ გიორგაძეც აპირებს ჩამოსვლას – ქვეყნის №1 ტერორისტად გამოცხადებული ყოფილი მაღალჩინოსნის საქართველოში შესაძლო დაბრუნება წინასაარჩევნოდ რუსეთის გააქტიურებას არ მოასწავებს?

– იგორ გიორგაძის საკითხი ხელოვნურად არის გაბუქებული. თუ ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა მოუხსნა, ეს არ ნიშნავს, რომ გიორგაძე ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წინაშე პასუხისმგებლობისგანაც გათავისუფლდა. რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესებში მის შესაძლო ჩართვას, არა მგონია, რუსეთი მასზე ფსონს დებდეს. ისიც დასადგენია, შეძლებს თუ არა საერთოდ გიორგაძე ჩამოსვლას.

– შევარდნაძის დროინდელი კადრების ნაკლებობას არც ახალ საარჩევნო სიაში უჩივით. კობა ნარჩემაშვილის ქუთაისში წარდგენა არ ეწინააღმდეგება პრემიერის გაცხადებულ პოლიტიკას, რომ ახალ სახეებზე აკეთებთ აქცენტს?

 

– კობა ნარჩემაშვილი სააკაშვილის გუნდს დაუპირისპირდა, რის გამოც ცოტა ხნით დაკავებულიც კი იყო. პარადოქსია, რომ შევარდნაძის კადრების რეინკარნაციაზე ლაპარაკობს დათო ბაქრაძე, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების აქტიური წევრი იყო. არაფერს ვამბობ რომან გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებზე, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებაში მინისტრის პორტფელსაც იკავებდნენ.

ამ ქვეყანაში ყველამ ცხოვრების რაღაც ეტაპი გამოიარა, მეც შევარდნაძის მმართველობისას მაღალ დიპლომატიურ თანამდებობებზე ვმუშაობდი. ადამიანი იმით ფასდება, რა გააკეთა წარსულში და რისი გაკეთება შეუძლია მომავალში.

– რომელი გაკეთებული საქმე დაუფასდა ნარჩემაშვილს ან აკაკი ზოიძეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” 15 ახალ სახეს შორის დაასახელა, რეალურად კი ისიც ავთანდილ ჯორბენაძის თანაშემწე იყო?

– განსხვავება ის არის, რომ ჩვენს გუნდში დასახელებული პირები მოქალაქეებს ბოთლით არ აუპატიურებდნენ, არც სიცოცხლეს ართმევდნენ…  „ქართული ოცნება” ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც სახელმწიფოში სტაბილურობა შექმნა, საერთაშორისო მხარდაჭერა გააძლიერა და ინვესტიციების მოსაზიდად კარგი გარემო შექმნა. დღის წესრიგში სოციალური პროგრამები ისევ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, ამასთან, მეტი გააქტიურებაა საჭირო მიტაცებული ქონების დასაბრუნებლადაც. უამრავი დაზარალებულის მოთხოვნა შესრულდა, თუმცა ეს კიდევ მცირე რაოდენობაა იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთდეს.

„ახლა საკონსტიტუციო სასამართლოსაც წყალი შეუდგა”

ლია მუხაშავრია, იურისტი: – გიორგი პაპუაშვილის რანგის მოსამართლეები დახმარებისთვის საზოგადოებას კი არა, უმაღლეს საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართავდნენ და ჰქონდეთ სრული გარანტია, რომ საქმეს აუცილებლად გამოიძიებენ.

პაპუაშვილს პროკურატურით უნდა დაეწყო და თუ დაინახავდა, რომ ის არაფერს აკეთებს, მერე უნდა გამოსულიყო საჯაროდ. ეს გარემოება ძალიან საეჭვოდ და სადავოდ მეჩვენება.

– და თუ მისი განცხადება მართალია? ვის და რად უნდა სჭირდებოდეს მოსამართლეებზე ზეწოლა და მუქარა?

 

– ასეთი რამ თუ მართლაც ხდება, სახელმწიფოსთვის სახიფათოა. ცხადია, მე და თქვენ ვერ დავაშანტაჟებთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს. ამას ახერხებენ ისინი, ვისაც კანონით აქვთ უფლებამოსილება და შესაძლებლობაც. ამიტომ ასეთი რამ თუ ხდება, ინფორმაცია კონფიდენციალურად უნდა მიეწოდოს შესაბამის ორგანოებს, მათაც კონფიდენციალურად უნდა გამოიძიონ და დაადგინონ სიმართლე. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე თუ არ არიან დაცული, რიგით მოქალაქეებს რისი იმედი უნდა გვქონდეს? – აი, ამის აფიშირებას ემსახურება ეს განცხადება.

ამ შემთხვევაში პირდაპირი მოპასუხე მხარე არის საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტი, ანუ ისინი, რომელთაც ნორმატიული კანონქვემდებარე აქტით კანონის მიღების უფლება აქვთ. შესაბამისად, ზეწოლით დაინტერესებული უნდა იყვნენ მხოლოდ ეს ორგანოები. შეიძლება ამაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების მაღალი ეშელონები. ასეც რომ იყოს, საკონსტიტუციო სასამართლომ პროკურატურას უნდა მიმართოს. მჯერა, პაპუაშვილს აქვს შესაძლებლობა, პირდაპირ შეხვდეს მთავარ პროკურორს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მათთან ერთად განიხილოს ეს პრობლემა და მოძებნოს მისი გადაჭრის გზები.

– რა აზრის ხართ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის წევრებზე?

– მე საკონსტიტუციოში 7 საქმე მაქვს მოგებული, პირველ შემადგენლობაში. პროფესიულ წრეებში ყოველთვის ითვლებოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა არის მაღალი, ის არის კვალიფიციური და მიმართვას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან აქ კანონის კონსტიტუციურობას ადასტურებ. ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი, ფიზიკურ პირებს არა აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით შესვლის უფლება. ჩვენთან ეს შესაძლებელია. ასეთი მოვლენები კი ძირს უთხრის მის ნდობას. ჩვენს ქვეყანაში ისედაც დიდად არ ენდობიან სასამართლოს, საკონსტიტუციო მეტ-ნაკლებად გამონაკლისი იყო, ახლა მასაც წყალი შეუდგა.

– ამ ინსტიტუტს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებენ და მის შემადგენლობას ერთი კონკრეტული გუნდის ინტერესების გამტარებლადაც მოიხსენიებენ.

 

– საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები წინა ხელისუფლების პერიოდში ათი წლით დაინიშნენ. ამ ბოლო დროს საზოგადოების ნაწილი აშკარად თავს ესხმის საკონსტიტუციო სასამართლოს, რაც ნაწილობრივ ტენდენციურიც მგონია, იმიტომ, რომ ამ სასამართლოში დავა მიდის კანონის კონსტიტუციურობაზე. როგორ გამოიყენებს გადაწყვეტილებებს მოგებული მხარე, სხვა საკითხია. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მართლა ასეთი თავდასხმები თუ ხდება და ის ამას არ ეპუება, ბარაქალა მას!

 

Newstime