დამწვრობის ცენტრს დღეს 8 პაციენტმა მიმართა – მზით დამწვრობის საგანგაშო სტატისტიკა

256

დამწვრობის ცენტრს მხოლოდ დღეს რვა პაციენტმა მიაკითხა, მათ დამწვრობა მზეზე გარუჯვის მიზნით მიიღეს, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტებს, ძირითადად, სახის, ქვედა და ზედა კიდურები აქვთ დამწვარი.
როგორც „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მზით დამწვარი პაციენტების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მზით დამწვარი პაციენტების რიცხვი შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია.
მისივე თქმით, წელს, ზაფხულის თვეებში, კლინიკას 250-მა პაციენტმა მიმართა. მათ შორის 30-ს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა, ხოლო 6 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ქაშიბაძე ამბობს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. მისივე თქმით, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოქალაქეები არასწორ დროს ირუჯებიან.
„30 პაციენტიდან ერთ-ერთი იყო 3 წლის ბავშვი, იყო შემთხვევა, როდესაც კლინიკაში დედასთან ერთად 6 თვის ბავშვიც სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოქალაქეები არც საკუთარ თავს და არც ჩვილებს უფრთხილდებიან. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება 6 თვის ბავშვს მზით დამწვრობა მიაღებინო. კატეგორიულად ვაფრთხილებ მოსახლეობას, მზის დამცავი საცხის გარეშე არ შეიძლება რუჯის მიღება, მით უფრო, დღის 12.00 – დან 17.00 საათამდე. დროის ეს შუალედი სახიფათოა თქვენი სხეულისა და ჯანმრთელობისთვის“, -აცხადებს გუგა ქაშიბაძე „კვირასთან“ საუბრისას.

წყარო:”კვირა”

Newstime