რატომ არის ფონდ „იავნანას“ ფინანსური ოპერაციები გასაიდუმლოებული

154

ბოლო დროს, მედიაში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მიერ ფინანსური დოკუმენტების დაფარვაზე ინფორმაცია რამდენჯერმე გაჟღერდა.
ფონდი „იავნანა“ მისი დამფუძნებლების, ან ვინმე კონკრეტული ადამიანის ფინანსურ სახსრებს არ ახმარს  ქველმოქმედებას. ეს ფონდი სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს, რათა ქველმოქმედებისთვის საჭირო სახსრები ჩვენგან, რიგითი მოქალაქეებისგან მიიღოს. ამასთან, ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო. შესაბამისად, ცხადია კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი მისი ფონდის საქმიანობისდამი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაატა ბურჭულაძის ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია კანონის მოთხოვნების მიუხედავად დაფარულია. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნაა, რომ ყოველი წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები  იყოს საჯარო, ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. მათ შორის დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები.

ზოგადად საქველმოქმედო ორგანიზიციებისადმი სახელმწიფოს, კანონმდებლობის მიდგომა სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებულია.  ისინი სხვა ტიპის რეგულაციებს ექვემდებარებიან, კომერციული ორგანიზაციისგან განსხვავებით არ იხდიან მთელ რიგ გადასახადებს და განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ.   ამიტომ მათ მიმართ გამჭვირვალობის, საჯაროობის მაღალი  სტანდარტებია დაწესებული, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე კანონმდებლობის დონეზე. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული პრევენცია, რათა საქველმოქმედო ორგანიზაციის სახელით არ მოხდეს კომერციული ინტერესების გატარება, გადასახადებისთვის თავის არიდება, შემომწირველთა თანხების მითვისება და სხვა ტიპის მაქინაციები..

სწორედ ამიტომ,  საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია აქტიურად გაასაჯაროოს ინფორმაცია ფინანსური  ბრუნვების შესახებ.

“პრაიმტაიმი“ შეეცადა ინფორმაცია ფონდ „იავნანა“-ს ფინანსური ანგარიშგების ფარულობაზე თავად გადაემოწმებინა. ამ მიზნით ჩვენმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს ინტერნეტში განთავსებული ფონდი „იავნანა“-ს ყველა გვერდი, ყველა შესაძლო პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იყო გამოქვეყნებულიყო ფონდის ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, თუმცა სამწუხაროდ ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში მართლაც არ მოიპოვება.

burchuladze
საკითხში გასარკვევად, “პრაიმტაიმი“ ფონდ „იავნანა“-ს სამხატვრო ხელმძღვანელს თეა ჯორბენაძეს დაუკავშირდა. თუმცა, მან მხოლოდ ფონდის მიერ გავრცელებული განცხადება მოგვაწოდა, სადაც ფონდი ირწმუნებოდა, რომ მის წინააღმდეგ შავი პიარია აგორებული.

საქველმოქმედო ფონდს, ფინანასური ოპერაციების გასაჯაროების ვალდებულების გარდა, კანონი ასევე ავალდებულებს  საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს: ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით.

ვინაიდან ვერსად ვერ მოვიპოვეთ სრულყოფილი ინფორმაცია ფონდის ფინანსური ოპერაციების შესახებ, წერილობით მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ვთხოვეთ მოგვაწოდოს ინფორმაცია „პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდ იავნანა“-ს მიერ დაფუძნების დღიდან, დღემდე განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის ყოველი წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული და წარდგენილი ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტი.

იმედია, „პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი იავნანა“ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაითვალისწინებენ საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს ფონდის საქმიანობისადმი, დააკმაყოფილებენ ჩვენს კანონიერ მოთხოვნას და გონივრულ ვადებში მოგვაწვდიან ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას, რომელსაც „პრაიმტაიმი“ მიღებისთანავე წარუდგენს საზოგადოებას.

წყარო: „პრაიმტაიმი“

Newstime