ვახტანგ რჩეულიშვილი: უნდათ მაიას დაჭერა? დაიჭირონ! უნდათ, მოკლან? მოკლან!

296

„უნდათ მაიას დაჭერა? დაიჭირონ! უნდათ მოკლან? მოკლან! ვერაფერს გვიზამენ მაინც“, – ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულის, მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ვახტან რჩეულიშვილი ამბობს, რომ იგი დაპატრიმრებულ მაია რჩეულიშვილს ვერ უყურებს, რადგან ის უდანაშაულოა.
„ვერ ვუყურებ, რომ მაია დაპატიმრებულია, იმიტომ რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა. თან კიდევ, მზარავს ის ფაქტი, რომ მაია დაპატიმრებულია „თეთრი მაგნოლიას“ გამო, რომელიც უკვე აშენებულია. კი ბატონო, ხარვეზები აქვს, მაგრამ ხარვეზები რომელ მშენებლობას არა აქვს?! მაგრამ რაღა დავამთავრო მაშინ? რისთვის დავამთავრო მაშინ? აიღოს და დაამთავროს პროკურატურამ მშენებლობა. მე ვამბობ ძალიან მარტივად, უნდათ მაიას დაჭერა? დაიჭირონ. უნდათ მოკლან? მოკლან. ვერაფერს გვიზამენ მაინც. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი არის მაღალი“, – ამბობს ვახტანგ რჩეულიშვილი.
ცნობისთვის, „ცენტრ- პოინტის“ საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმებიის დაკითხვა მიმდინარეობდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებმა დაადასტურეს, რომ „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, მენაშენეებს მატერიალური ზარალი მიადგათ.
პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარის ადვოკატმა მარინა ცერცვაძემ.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი მოითხოვენ მშენებლობის დასრულებას და ზიანის ანაზღაურებას.
„მოწმეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება და მშენებლობის დასრულება. ამას არ გაურბიან „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელები, თუმცა იმ დროს, როდესაც დაპატიმრებულია მაია რჩეულიშვილი, ამ პროცესს ხელი ეშლება“, – განაცხადა მარინა ცერცვაძემ.
ცენტრ-პოინტის“ საქმის განხილვა 26 ივლისს, 11:00 საათზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.
„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულია სამი პირი – „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, ასევე მისი და რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია. მათ ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, თუმცა მაია რჩეულიშვილს „ბათუმის მაგნოლიას საქმეზე“ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და ის ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

Newstime