დავით იაკობიძე: გარწმუნებთ, ხუხაშვილის „ექსპერტობიდან“ არაფერი დარჩება

160

ეკონომისტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავით იაკობიძე გია ხუხაშვილს აკრიტიკებს.

„ახლა გია ხუხაშვილი „იმედის” ეთერში ამბობს, „ღრმა ზურგიდან წინა ხაზზე რომ მოგყავს რეზერვი, რომელმაც სროლა არ იცის, რა შედეგებს უნდა ელოდე”… და ა.შ. რა უნდა ვთქვა ასეთ უპასუხისმგებლო, შეურაცმყოფელ გამოსვლაზე. კარგი იქნება, ამ ვაჟბატონს დაუსვან ეთერში ნებისმიერი ამ „ახალი სახეებიდან” და გარწმუნებთ, მისი „ექსპერტობიდან” არაფერი დარჩება.

ნათქვამია, „ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ მოიწველებაო”. მართლაც, რა მორალური უფლება აქვს ხუხაშვილს, კაკი ზოიძე, თამარ ჩუგოშვილი ან ირაკლი კობახიძე შეაფასოს.

ამ საკითხს არ მივაქცევდი ყურადღებას, მე ვიტყოდი, ვერაგულ, შორს მიმავალი მომენტს რომ არ შეიცავეს ამ პოპულარული ექსპერტის გამოსვლა.

საქმე ისაა, რომ დიდი ხანია ფსიქოლოგიაში არსებობს თეორია „აღსრულებადი წინასწარმეტყველების” შესახებ. „შენ თქვი და ყველას ეგონება, რომ ეს მართლა ასეა”. გულისხმობს ეს თეორია. მაგალითად იტყვი, რომ ვინმეს რეიტინგი 50% და ყველას ეგონება, რომ ეს მართლა ასეა და თუ მივა არჩევნებზე, ხმას მისცემს ამ მაღალრეიტინგიანს, რადგან ფიქრობს, სულერთია, მაინც გაიმარჯვებსო, ე.ი ნათქვამი დაიჯერა. ანდა გაიხსენეთ, როდესაც კაცი სახალხოდ სიტყვას იძლევა, აღარ დავლევ ან აღარ მოვწევეო, უფრო ხშირად სიტყვას ასრულებს, რადგან მის ჩანაფიქრს საზოგადოებრივი ხასიათი მიეცა და პასუხისმგებლობა ნათქვამზე გაიზარდა. ამიტომ, ზოგიერთ ქვყანაში ასეთი წინასწარმეტყველებები იკრძალება პოლიტიკურ სფეროში. სწორედ ამ აღსრულებადი წინასწარმეტყველების მეთოდით ხუხაშვილი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ „ოცნების” საარჩევნო სიის გამოცხადებული პირები: 1.უცნობებია საზოგადოებისათვის, 2.ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან. მისთვის მთავარია, საზოგადოება დაარწმუნოს ამ ორი თვალსაზრისის სისწორეში, რის შემდეგაც იოლი გახდება ამ „ახალი სახეების” კრიტიკა.

სინამდვილეში, თუ დავაკვირდებით, დავინახავთ სრულიად საწინააღმდეგო მოვლენებს. 1.ყველანი, ვინც სიიაში არიან, საკმარისად ცნობილი ხალხია იმათთვის, ვინც უნდა იცნობდეს. მართლაც სასაცილოა, თამარ ჩუგოშვილზე თქვა, საზოგადოება არ იცნობსო. ან, იპოვო საქართველოში ადამიანი, ვინც ცოტა მაინც უკავშირდება ჯანდაცვას და კაკი ზოიძეს არ იცნობდეს. ანდა დღეს არსებობს პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი, ვინც ირაკლი კობახიძეს არ იცნობს? ამიტომ ეს მტკიცება, რომ „ოცნებამ” უცნობები შეიყვანა სიაში, მტკნარი სიცრუეა და ამ თემაზე პედალირება დემაგოგიაა, რადგან მიმართულია, დისკუსია სხვა, პოლიტიკანურ უაზრო დებატების ფორმატში გადაიყვანოს. 2. ამ ხალხის ცნობადობა უკავშირდება მათ გაკეთებულ საქმეებს. მე ვიტყოდი, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრინციპი, „საქმემან შენმა წარმოგაჩინოს” მტკიცე მორალურ საფუძველზე წარმოჩინდა და მუშაობს, როგორც არა მხოლოდ იდეა ამხსნელი, არამედ როგორც ინდიკატორი. ვინ არ იცის, რომ ჩუგოშვილმა, გახარიამ, თალაკვაძემ, კაკულიამ და სხვებმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ჩვენი კანონმდებლობის ურთულესი პრობლემების დახვეწაში. ეს ხომ ჩვენს წინ, ღიად და გამჭვირვალედ ხდებოდა. მაშ რა „გამოუცდელობაზეა” საუბარი. ვის გამოუცდელობაზე საუბრობენ ენააქაფებულები. ხოლო ასეთი ადამიანები რომ ახალგაზრდები არიან, ეს ცუდია?

ასე რომ, არ ავყვეთ დემაგოგებს, რომლებმაც გააჯერეს ჩვენი ტელე-რადიოეთერი. სხვათაშორის, არც იმათ, ვისაც პოლიტიკა და პოლიტიკური ინტრიგები ერთი და იგივე ჰგონია”,- წერს სოციალურ ქსელში დავით იაკობიძე.

Newstime