ვინ არიან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

182

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება და ხალხის კეთილდღეობა – სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი!”,- „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ თითოეული კანდიდატი ღირსეულად წარმოადგენს „ქართული ოცნების” გუნდს და თითოეული ადამიანის ინტერესების ერთგული დამცველი იქნება პარლამენტში. პრემიერმა იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე დეტალურად ისაუბრა.

“ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი – ბატონი გენადი კომაროველია, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში, ამჟამად სკოლის დირექტორია. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირექტორი გახლავთ. წელი არ გავა, რომ მან ქუთაისის ფიზიკა-მატემატიკური სკოლის რამდენიმე აღზრდილი არ წარადგინოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში და არ მოიპოვოს გამარჯვება. ის ნამდვილად ქვეყნის სიამაყეს ზრდის ქუთაისში დღეს აქ. ის არის აქ დაბადებული და გაზრდილი კაცი და დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ქუთაისსა და ქუთათურებს.

ქუთაისის 48-ე ოლქში წარმოგიდგენთ დიმიტრი მხეიძის კანდიდატურას. ბატონი დიმიტრი პროფესიით ექიმი გახლავთ. ის ისეთ პროფესიას ემსახურება, დარწმუნებული ვარ, ყველა ქუთაისელისთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი ადამიანია. მჯერა, რომ ძველ ქუთაისს მისი სახით ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში.

ქუთაისის 49-ე ოლქში წარმოგიდგენთ კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურას – მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. იგი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი და ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება.

წყალტუბოში წარმოგიდგენთ ცოტნე ზურაბიანის კანდიდატურას. იგი პროფესიით იურისტი გახლავთ. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ცოტნეს სახით წყალტუბოს ეყოლება ახალგაზრდა და ენერგიული წარმომადგენელი, რომელიც წყალტუბოელების სათქმელს მიიტანს პარლამენტამდე.

ზესტაფონში წარმოგიდგენთ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას. ბატონი შალვა, მართალია, ახალგაზრდაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, უკვე გამოცდილი პარლამენტარია. ახლახან შემოგვიერთდა პარტიაში, ,,ქართული ოცნების” წევრი გახდა. ზესტაფონელია, კარგად იცის ზესტაფონელების ყველა პრობლემა და ისიც იცის, როგორ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს პარლამენტიდან.

თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას” წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, იგი გახლავთ მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი. ბატონი ელგუჯა თერჯოლიდან არის და კარგად იცნობს ამ კუთხეს. წარმატებული ადამიანია თავის საქმეში და, მჯერა, რომ ასეთივე იქნება პოლიტიკაშიც. თერჯოლასაც და ტყიბულსაც ნამდვილად ღირსეული წამომადგენილი ეყოლება პარლამენტში.

საჩხერეში ჩვენი წარმომადგენელი იქნება პაატა კვიჟინაძე, იგი გახლავთ პარლამენტის წევრი. პატრიოტი, მებრძოლი კაცია, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ომის მონაწილე. ვფიქრობ, საჩხერელებს მისი განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ.

ვანი-ხონის ოლქში წარმოგიდგენთ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი, ამჟამად თბილისის მერის მოადგილეა. ბატონი გრიგოლი იყო ,,ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილე. იგი წარმატებული იყო ყველა პოზიციაზე, სადაც მუშაობდა. დარწმუნებული ვარ , ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტარის რანგშიც.

ჭიათურაში ჩვენი წარმომადგენელი იქნება სულხან მახათაძე, იგი გახლავთ ჭიათურის გამგებელი. არც ერთი პრობლემა, რომელიც ჭიათურასა და ჭიათურელებს აქვთ, მისთვის უცხო არ არის. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ბატონი სულხანი საუკეთესო კანდიდატურაა.

ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში ჩვენ ვასახელებთ კობა ლურსმანაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, იყო ხარაგაულის რაიონის კიცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე. პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ბატონი კობას სახით ბაღდათელებსა და ხარაგაულელებს პარლამენტში ეყოლებათ ნამდვილი გულშემატკივარი.

სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას” წარმოადგენს გია მიქელაძე. ბატონი გია პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. ის წარმატებული ბიზნესმენია. მას სამტრედიაში არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული – დაგებული გზები, სკოლების რეაბილიტაცია, დაფინანსებული აქვს ახალგაზრდების სწავლა უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, იგი ასევე ნაყოფიერად იმუშავებს როგორც პარლამეტარი. ბატონი გია სამტრედიელი გახლავთ და ყურადღებას არ მოაკლებს სამტრედიელებს”, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა გუნდის ახალი წევრების წარდგენისას განაცხადა, რომ ისინი ერთად იზრუნებენ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისათვის.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული კანდიდატი ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს გუნდს და თქვენი ინტერესების ერთგული დამცველი იქნება პარლამენტში. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ თითოეულ მათგანს. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს ამ ბრძოლაში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს!”,-მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას.

Newstime