გახდება თუ არა ნინო სურგულაძე ოპერის ხელმძღვანელი?

118

მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელებას კატეგორიულად უარყოფს.
სურგულაძე ფესიბუქის საკუთარ გვერდზე ოპერის თეატრში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებმა თეატრის იმიჯი არ უნდა შელახოს. მისივე თქმით, სიტუაციის განმუხტვა ცივილურად უნდა მოხდეს.
„გავიგე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ მქონდა საშუალება მეპასუხა შეტყობინებებისათვის, რადგან ვიმყოფები საზღვარგარეთ, კონკრეტულად იტალიაში და მაქვს „აიდას“ სპექტაკლები. ვეხმაურები გავრცელებულ ინფორმაციას, მე ამ თემაზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს უარვყოფ.
მე პირველ რიგში ვარ მომღერალი, ასევე მაქვს ჩემი საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი მისია, რომელიც უამრავ ვალდებულებას მაკისრებს საზოგადოებისა და იმ ბავშვების წინაშე, ვინც ჩემგან დახმარებას ელოდება.
სასიამოვნიოა, რომ მოვიაზრები ამ თანამდებობაზე, ამ დრომდე მომდის უამრავი შეტყობინება. მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ოპერის თეატრი ჩემი ტკივილია და ჩემი სიამაყე, მსურს თეატრში მიმდინარე პროცესებმა არ შებღალოს თეატრის იმიჯი და სიტუაციის განმუხტვა მოხდეს ცივილურად”, – წერს სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის ნაწილმა სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს უნდობლობა გამოუცხადეს და 9 ივლისს თეატრში დაგეგმილ სამხატვრო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს. როგორც სამხატვრო დასის ნაწილმა განაცხადა, კინწურაშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, თეატრში ახალი საოპერო სპექტაკლები არ იდგმება და თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი პრემიებს იღებენ.
თეატრის სამხატვრო დასის ნაწილმა კულტურის სამინისტროს კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა. სამინისტრომ კი მოყვანილი ფაქტების შესწავლა დაიწყო, რის შემდეგაც კონკრეტული გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
სახელმწიფო ოპერაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 164-ე სეზონის დახურვა, 17 ივლისის ნაცვლად 23 ივლისს გაიმართება. სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ”აბესალომ და ეთერი” დახურავს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სახალხო არტისტები მიიღებენ. საოპერო დასის ნაწილის განცხადებით კი, თუ სამხატვრო ხელმძღვანელი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, სეზონის დახურვა არც 23 ივლისს გაიმართება.

Newstime