არის თუ არა თურქეთში მომხდარი არეულობა სამხედრო გადატრიალება?!

249

თურქეთში სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა. სამხედროებს მთავრობის შენობა აქვთ დაკავებული. მათი განცხადება თურქული ტელეკომპანია NTV-ს ეთერში გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ხელმძღვანელობს სამხედროებს.

სტამბოლსა და ანკარაში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ჯარისკაცებს სტამბოლში ხიდები აქვთ ბლოკირებული. მუშაობა შეაჩერა ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელთანაც განთავსებულია ტანკები.

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ სამხედროების ჯგუფმა არალეგალური ქმედებები განახორციელა, თუმცა პრემიერმა აღნიშნა, რომ ამას სახელმწიფო გადატრიალებას ვერ უწოდებს.

“ამ უკანონო ქმედებების ჩამდენს ეს ძვირი დაუჯდება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ისეთ საქმიანობას, რომელიც დემოკრატიას დააზარალებს”, – განაცხადა ილდირიმმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში სროლის ხმა ისმოდა. სროლა ისმოდა ასევე სტამბოლში პოლიციის ოფისთან.

დაუზუსტებელი ცნობით,  სამხედროებს გენშტაბის უფროსი მძევლად ჰყავთ აყვანილი.

 

Newstime