სკანდალი-მაშველები “ქვის ხანიდან” თუ ელემენტარული გაუფრთხილებლობა?!.

292

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ზღვებსა და ტბებში ადამიანების დაღუპვის ფაქტები, სამწუხაროდ, ყოველდღიური ქრონიკის ნაწილად იქცა. მსგავსი შემთხვევების მომრავლება ამ მიმართულებით უსაფრთხოების სტანდარტების სისტემურ დარღვევაზე მიუთითებს. თუმცა პასუხისმგებელი მხარე – შინაგან საქმეთა სამინისტრო- პრობლემას არ აღიარებს და განსაკუთრებული ზომების მიღების საჭიროებას ვერ ხედავს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ტბაზე ადგილობრივი მაშველები მუშაობდნენ და თბილისიდანაც გაემგზავრა ჯგუფი, მაგრამ “ცხედრები ოპერატიულად ამოიყვანეს და თბილისის ჯგუფის დახმარება საჭირო აღარ გახდა.” სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დახმარება სჭირდება – ამის შესახებ “კომერსანტთან” საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ნიკოლეიშვილი საუბრობს. მისი თქმით, დღეს უწყებას არ ჰყავს არც საკმარისი ტექნიკა და არც კონტინგენტი. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პროფესიონალი მყვინთავების დეფიციტია. ასევე პრობლემაა ის, რომ წყალთან მიმართებაში საქართველო “ქვის ხანაშია“. მისი თქმით, დღეს ხელისუფლებას გააზრებული არ აქვს, როგორი უნდა იყოს სისტემა. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონების სამაშველო სამსახურები, სადაც შესაბამისი ტექნიკა საკმარისი რაოდენობით არ გააჩნიათ. მისი მტკიცებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რამდენიმე მიმართულებითაა. პირველი, აუცილებლად უნდა მოხდეს თანამშრომლების გადამზადება, ასევე ამაღლდეს საზოგადოების განათლების დონე, სკოლებში დაიწყოს ცურვის გაკვეთილები. გარდა ამისა, აუცილებელია მოხდეს შესაბამისი ტექნიკის შეძენა და გაიზარდოს მაშველ – მყვინთავების რაოდენობა. სხვანაირად ტბებსა და ზღვებში ადამიანების დაღუპვის ფაქტების შემცირება ვერ მოხერხდება და სტატისტიკა სულ უფრო მზარდი იქნება. „ფაქტია, რომ ბოლო 2 წელიწადში ორი მყვინთავი დაიღუპა. ერთი წყალდიდობის დროს, მეორე – მარტვილის კანიონში. ამიტომ, ამ სისტემას უფრო სერიოზულად უნდა დამუშავება. ჩვენი ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებისთვის ტრეინინგებს ატარებს. ამ მხრივ ცოტა წინსვლა გვაქვს. შეუძლებელია და არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ მაშველის მიერ მთელი პერიმეტრი იყოს გაკონტროლებული. ასამაღლებელია საზოგადოების განათლების დონეც. მაგალითად, ბოლო დროს მარტვილის კანიონში მომხდარი შემთხვევა რომ განვიხილოთ: ადამიანი 20–მეტრიანი სიმაღლიდან გადმოეშვა, რადგან არ ჰქონდა შესწავლილი, რა სიღრმეები იყო იქ. გადმოხტა და გარდაიცვალა. ასევე არ იციან, რომ ცივ წყალში ნასვამი არ უნდა შევიდნენ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამაშველო სამსახურის დადანაშაულება სწორი არ არის. საზოგადოებაც ვერ ერკვევა გარკვეულ საკითხებში. ამიტომაა, რომ ბოლო პერიოდში ამ მიზეზით დაღუპულების რიცხვი იზრდება”-აცხადებს ნიკოლეიშვილი. მისი ინფორმაციით, საქართველოში 43 წყალსაცავი და 850 ტბაა, სამაშველო სამსახური კი ყველგან ვერ დადგება. ნიკოლეიშვილი ერთ-ერთ გამოსავლად სამაშველო სამსახურში კადრების აყვანის წესის შეცვლას ასახელებს და განვითარებული ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, სადაც სამაშველო სამსახურში თანამშრომელი მხოლოდ ფიზიკური ძალის გამო არ აჰყავთ და მისგან სათანადო მომზადების დონეს ითხოვენ. ნიკოლეიშვილის განმარტებით, პრობლემების მოგვარების თხოვნით მას ბევრჯერ მიუმართავს შს სამინისტროსთვის, თუმცა, ეს ყველაფერი რჩება საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის დონეზე, რაც პრობლემას ვერ აგვარებს. „კომერსანტი” დაინტერესდა ქვეყნის მასშტაბით რა ოდენობის მაშველი-მყვინთავია, რა კრიტერიუმებით აჰყავთ ისინი სამსახურში და გეგმავს თუ არა ხელისუფლება ამ მიმართულებით დამატებითი ზომების მიღებას გახშირებული ტრაგიკული ფაქტების ფონზე? შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ შეკითხვებზე პასუხად განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით მყვინთავების საკმარისი რაოდენობაა, თუმცა სამომავლოდ, მათი რაოდენობის ზრდა იგეგმება. რამდენით გაიზრდება მათი რაოდენობა. რომელ ობიექტს რამდენი მაშველი და ტექნიკა ემსახურება, ამის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. უწყებაში მყვინთავების რაოდენობას არ აკონკრეტებენ. მათი თქმით, სამინისტროს წერილობით უნდა მივმართოთ და ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვოთ.
წყარო “საქართველოს რესპუბლიკა”

Newstime