გია ნოდია: “რუსთავი 2-ის” “ახევის” სამთავრობო ოპერაცია დემოკრატიის სამ უმთავრეს ინსტიტუტს უტევს

139

რუსთავი-2ის „ახევის“ სამთავრობო ოპერაცია უტევს დემოკრატიის სამ უმთავრეს ინსტიტუტს და ასუსტებს ერთ პოლიტიკურ წინაპირობას, რაზეც საქართველოს დემოკრატიული მომავლის იმედი უკავშირდება.
უშუალოდ, ცხადია, ის უტევს დამოუკიდებელ მედიას. ცხადია, სხვა დამოუკიდებელი მედიაც არსებობს, მაგრამ თუნდაც „იმედის“ გამოცდილებიდან უნდა გვესწავლა, რომ როდესაც მთავრობა მის მიმართ ყველაზე მკვეთრად დაპირისპირებულ და, ამავე დროს, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას ეუფლება, ეს რადიკალურად ცვლის ბალანსს მთლიანად მედია-სივრცეში (ხელისუფლებას, ცხადია, ეს კარგად ესმის, თუმცა პარალალურად სხვა მედიების მოთვინიერებასაც ცდილობს).
ეს არის კიდევ ერთი შეტევა დამოუკიდებელ სასამართლოზე. ეს ინსტიტუტი ყველა მთავრობის დროს ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი უსუსტესი წერტილი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი სრული პროფანაცია ხდება და მისი ისედაც დაბალი სანდოობა კიდევ ერთ მტკივნეულ დარტყმას განიცდის.
უშუალოდ არჩევნების წინ ყველაზე კრიტიკური და რეიტინგული არხის გათიშვა არჩევნების ლეგიტიმურობის დაკნინებასაც ნიშნავს. კი, არჩევნები მაინც გაიმართება და „ქართულ ოცნებას“ მაინც გაუჭირდება, მაგრამ მისი დემოკრატიულობის ხარისხი არსებითად კომპრომენტირებული იქნება.
დაბოლოს, საქართველოს თუნდაც უაღრესად არასრულყოფილი, მაგრამ რეგიონული მასშტაბით მაინც ყოველთვის გამორჩეული დემოკრატიის ბედი ყოველთვის უკავშირდებოდა საქართველოს დასავლურ ორიენტაციას. წინა მთავრობებიც აკეთებდნენ ცუდ რაღაცეებს, მაგრამ როდესაც დასავლეთიდან ცალსახა და მკვეთრი სიგნალები მოდიოდა, უკან იხევდნენ. დღეს ხელისუფლება სრულიად აიგნორებს დასავლეთს და ცდილობს გააკეთოს ის, რაზეც დასავლელი პარტნიორები ცალსახად ეუბნებიან, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ობიექტურად ეს არის ევროპისგან დამაშორებელი და რუსეთთან დამაახლოებელი გზა. საარჩევნო სიის ევროპა-ამერიკულ-დიპლომიანი სახეებით გალამაზება ამას ვერ უშველის.

Newstime