ჯილდო, რომელიც ჯერ არც ერთ ქართველს არ მიუღია

260

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინიციატივით, ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია მედლით „განსაკუთრებული სიმამაცისთვის” დაჯილდოვდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ არქიმანდრიტი ილია კარტოზია დაჯილდოვდეს მედლით ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია და მიუხედავად ტრაგიკული შემთხვევისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ქართველი სასულიერო პირის სიმამაცის დაფასება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ადამიანებს.

Newstime