დიანა ტრაპაიძე: სულ მქონდა განცდა, რომ წართმეულ ტელევიზიაში ვმუშაობდი

89

ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე სასამართლოში ჩვენება ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ მისცა. მოწმემ 2007 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდი გაიხსენა და განმარტა, რომ “იმედი” 7 ნოემბრამდე ობიექტური იყო.
“იმედის ისტორიაში ეს იყო ოქროს ხანა. არხი იყო ობიექტური, შემტევი, კრიტიკული. მფლობელი ერეოდა თუ არა არ ვიცი, ეს ჩემს დონეზე არ ყოფილა. პირადად ჩემს სიუჟეტებში ჩარევა არ ყოფილა. ასეთ დროს მე არ ვრჩები ხოლმე რედაქციებში სადაც ვარ. “იმედი” დარბევამდე ერთი წლით ადრე უფრო მწვავე გახდა. გავიდა რეპორტაჟები გირგვლიანზე, გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვაზე, რის შემდეგაც მმართველ გუნდთან ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბებოდა”, – განაცხადა ტრაპაიძემ და 7 ნოემბრის დარბევის დეტალებიც გაიხსენა.
“8 თვის ორსული ვიყავი. ხელმძღვანელები ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე გარე გადაღებებზე არ მიშვებდნენ და რედაქციაში ვეხმარებოდი მათ. საეთეროში ვიყავი, როდესაც სპეცრაზმი შემოვიდა. ყველას უთხრეს ძირს დაწოლილიყო. 2 თანამშრომელს ვიზაჟისტს და რედაქტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დავწვებოდი. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მითხრა წადი სახლში ტაქსის ფულს მოგცემო. ასეთი სპეცრაზმელიც აღმოჩნდა. როდესაც ლუბლიანაზე გავედით რეზინის ტყვიებს ისროდნენ და გაზს უშვებდნენ. ფეხში ტკივილი ვიგრძენი. ტყვია მომხვდა თუ არა ვერ გავიგე. სასწრაფო გამოვიძახეთ და ისე დავტოვეთ ლუბლიანას ქუჩა”, – განაცხადა ტრაპაიძემ.
მოწმემ 7 ნოემბრის შემდგომ პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
“ერთ დილას მოვიდა პატარკაციშვილის მეუღლე და გვითხრა, რომ ტელევიზია წაართვეს, თქვენ დარჩით, მე სასამართლოში ვიდავებო. სულ მქონდა განცდა, რომ წართმეულ ტელევიზიაში ვმუშაობდი. აქციებს მართავდნენ “იმედთან”, მოროდიორებს გვეძახდნენ, მეც გავდიოდი და ვმონაწილეობდი ხოლმე. ყოველდღე ტელევიზიაში იმ განწყობით მივდიოდი, რომ ტელევიზიიდან დღეს ან ხვალ წამოვალ. ჩემი წამოსვლის საბაბი გახდა პატრიარქის განცხადება 2009 წლის აპრილის აქციებამდე, როდესაც ჯარს მოუწოდა პოლიტიკურ პროცესებში არ ჩარეულიყო. ეს ქადაგება ერთ-ერთ გამოშვებაში სრულად არ გავიდა, რის შემდეგაც დავწერე განცხადება. რაც შეეხება 7 ნოემბრის შემდეგ ჩარევას, მე ყოველთვის იმის ძალა მყოფნიდა, რომ არც ერთ ეპოქაში, არც ერთი ხელისუფლება არ ჩარეულიყო ჩემს სიუჟეტებში. საერთოდ ხდებოდა თუ არა ჩარევა ამისი სურათია ეთერი. ეთერიდან შეიძლება დასკვნის გაკეთება. მე ის მახსოვს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე კეთდებოდა სიუჟეტი და ეთერში ვერ მოხვდა”, – განაცხადა ტრაპაიძემ.
ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობით დაიხურა.
ბრალდების მხარის განმარტებით, უნდა დაკითხულიყვნენ შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლები და ამიტომ ითხოვდნენ მათი ჩვენების დახურვას. შუამდგომლობას ბრალდებულების ადვოკატებიც დაეთანხმნენ. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ პერსონალური და პროფესიული საიდუმლოების დაცვის მიზნით სასამართლო ვალდებულია სხდომა დახუროს.
სპეცრაზმის 3 თანამშრომელი, რომელიც “იმედში” შევიდა, დახურულ სხდომაზე დაიკითხება.

Newstime