დევიდ ქემერონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დღეს დატოვებს

185

დღეს დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს. როგორ მოსალოდნელია, შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი მთავრობის მეთაურის მოვალეობების შესრულებას დღესვე შეუდგება.

გადადგომამდე დევიდ ქემერონი პრემიერ-მინისტრის რანგში თემთა პალატაში კანონმდებლების შეკითხვებს უკანასკნელად უპასუხებს. ამის შემდეგ, ის ბუკინგემის სასახლეში მივა, სადაც გაერთიანებული სამეფოს დედოფალ  ელისაბედ მეორეს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართავს.

ტერეზა მეი  2010 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრია. ტერეზა მეის ერთადერთმა მეტოქემ ანდრე ლესომმა კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერობისთვის ბრძოლის შეწყვეტის შესახებ 11 ივლისს განაცხადა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რის შემდეგაც მეი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყება მოუწევს.

დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს ევროკავშირის წევრობის შესახებ გამართულ რეფერენდუმში “ბრექსითის” მომხრეთა გამარჯვების შემდეგ, დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ გადადგებოდა, როგორც კი კონსერვატიული პარტია მის შემცვლელს შეარჩევდა.

Newstime