სალომე ზურაბიშვილი, ბექა ოდიშარია, კობა ნარჩემაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი – “ოცნების” სავარაუდო საარჩევნო სია

209

ქართული ოცნება საარჩევნო სიის პრეზენტაციისთვის ემზადება. პარტიის 20-მდე ახალ სახეს ხვალ საგურამოში წარადგენენ. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, მაჟორიტარული და პარტიული სიის ფორმირება 18 ივლისამდე დასრულდება. კონკრეტული პირების ვინაობა არ საჯაროვდება.

სიის ახალ შემადგენლობაზე ვრცელდება ვერსიები. ერთ-ერთის თანახმად, ქართული ოცნების სიაში იქნება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შეიძლება მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს, ოცნების მხრიდან მთაწმინდის რაიონში. ასევე ერთ-ერთი ინფორმაციით, ჯინდალ პეტროლიუმის გენერალური დირექტორი ბექა ოდიშარია შეიძლება იყოს ქართული ოცნების სახე.

“ძალიან სასიამოვნოა მაგრამ ვერაფერს დაგიდასტურებთ, ჯერჯერობით განვაგრძობ ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის და ლატვიის საპატიო კონსულის რანგში მოღვაწეობას. სხვას სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ გეტყვით. ამჟამად ვერანაირ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ჩემთვის როგორც თქვენთვის ცნობილი ხდება სხვადასხვა ინტერნეტ ლინკებიდან. შესაბამისად ამისათვის მზად თუ ვიქნები, სიამოვნებით გამოვალ კომუნიკაციაზე“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების სიის ათეულში ადგილი შესთავაზონ შევარდნაძის მთავრობაში ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილის. ასევე სიაში შესაძლოა მოხვდეს შევარდნაძის მთავრობის ქონების მართვის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი.

Newstime