რატომ სარგებლობენ განსაკუთრებული პრივილეგიებით სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები?!

242

ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა სსსკ 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. საქმე კი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას ეხება.

დღევანდელ სხდომაზე უკვე დაიკითხნენ იმ პერიოდში სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების უფროსის, თეიმურაზ ტაბაღუას პირველი მოადგილე შოთა მახარაშვილი და მე-10 დაწესებულების რეჟიმის უფროსი რამაზ ჭოხონელიძე.

ბრალდების მოწმეებმა განაცხადეს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების მათ ციხეში მიყვანამდე სპეციალური თათბირი ჩატარდა, სადაც ისინი ციხის უფროსმა, თეიმურაზ ტაბაღუამ გააფრთხილა, რომ აღნიშნულ პატიმრებს არ უნდა შეხებოდნენ. ამასთან მოწმეების თქმით, მსჯავრდებულებმა აგვისტოს ომის დროს ერთი კვირით დატოვეს საპატიმრო.

ამასთან, ერთ-ერთმა პატიმარმა გერონტი ალანიამ ციხე ერთი კვირით მამის გარდაცვალების დროსაც დატოვა. მოწმეების ჩვენების მიხედვით, მსჯავრდებულები შინაგანაწესს საერთოდ არ ემორჩილებოდნენ და მათ შინაგანაწესი არ ეხებოდათ. არ მოწმდებოდა მათთვის განკუთვნილი ამანათები და მათი მნახველები.

შოთა მახარაშვილის ჩვენების მიხედვით, მსჯავრდებულებს ხშირად ნახულობდნენ გაგა მკურნალიძე, მაშინდელი გენინსპექციის უფროსი და სხვები. ამასთან, მათთან მნახველების შესვლა შეუზღუდავი იყო. ოჯახის წევრებს კი ნებისმიერ დროს შეეძლოთ შესვლა და ხშირად ღამითაც რჩებოდნენ.

მოწმეების განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულების დაწესებულაბაში შეეყვანამდე მათთვის განკუთვნილი ოთახები გაარემონტეს და არასტანდარტულად მოაწყვეს, რაც განსხვავებული ლოგინების დადგმას, პლაზმურ ტელევიზორსა და გათბობა-გაგრილების მოწყობას გულისხმობს.

 

Newstime