მაკა ჩიჩუა: მსჯავრდებულები მოტივირებულები იქნებიან, რომ საკუთარი ოჯახების დახმარებას შეძლებენ

128

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამზადებული ხის ნაკეთობები, ავეჯი, სათამაშოები, ხატები, ნახატები და აქსესუარები წარმოადგინეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით „პატიმრობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობის რეალიზაცია მოახდინონ. ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. დღესვე მოეწყო იმ ონლაინმაღაზიის პრეზენტაციაც, რომელის მეშვეობითაც პატიმრებს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა შეეძლებათ.
”ვფიქრობ, რომ ასეთი საამქრო მათთვის არის იმ ნიჭის რეალიზაციის საშუალება, რომელიც პატიმრებს გააჩნიათ. ეს პროექტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისათვის ფინანსური თვალსაზრისითაც. რაც მთავარია, მსჯავრდებულები იქნებიან მოტივირებულები და იამაყებენ, რომ შეძლებენ, დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს”, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
პირველი ლედი გამოფენაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, ირინა იმერლიშვილთან ერთად, იმყოფებოდა. ექსპოზიცია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, დიპლომატებმა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ინფორმაციას “კვირა” ავრცელებს.

Newstime