“მაგდა პაპიძის დედამ ქმარს ყელი გამოჭრა”

290

გთავაზობთ ვიდეო ინტერვიუს, რომელიც გაზეთი “პრაიმტაიმა” ჩაწერა გორში პაპიძეების ყოფილ მეზობელთან.

გაზეთი “პრაიმტაიმი” მაგდა პაპიძის წარსულით დაინტერესდა და ამ მიზნით, გორში პაპიძეების ყოფილ მეზობლებს ესაუბრა. გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოლოგები პაპიძის ქმედებას მის ტრამვულ გამოცდილებას უკავშირებენ, გამოცემა შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ძალადობრივი იყო გარემო, სადაც მაგდა პაპიძე გაიზარდა.

“მაგდა პაპიძის დედამ ქმარს ყელი გამოჭრა” – რას ყვება თვითმხილველი? – Video Exclusive | PrimeTimeNews

დებ პაპიძეებს (ლანა და მაგდა) გორში ყველა დადებითად ახასიათებს, თუმცა არც იმას მალავენ, რომ მშობლებს ერთმანეთთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდათ. გავარკვიეთ ისიც, რომ წლების წინათ, მაგდა პაპიძის დედამ, ლია შამუგიამ საკუთარ მეუღლეს დანით ყელი გამოჭრა. მაშინ ამირან (გალა) პაპიძე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა დაახლოებით ორი წლის შემდეგ ის მეორე მეუღლის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მეზობლებისგან ვიგებთ იმასაც, რომ ამირან პაპიძე სუიციდისკენაც იყო მიდრეკილი და მან თვითმკვლელობა ორჯერ სცადა.

მაგდა პაპიძის მშობლები ბოლო წლებში ერთად უკვე აღარ ცხოვრობდნენ. მამას მეორე მეუღლე – მარინა მელაძე ჰყავდა. სწორედ მელაძის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა ამირან პაპიძე. შემთხვევას პირადად შეესწრო კარის მეზობელი დიანა კვიციანი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს, რომ ამირან პაპიძე „ვიღაცამ“ გადმოაგდო, თუმცა ის ასევე იხსენებს დაახლოებით 1997 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც „ამირან პაპიძე პირველმა მეუღლემ ლია შამუგიამ დანით ყელის არეში დაჭრა“.

დიანა კვიციანი, კარის მეზობელი:

– ის კაცი ნამდვილად არავის მოუკლავს. ამის თვითმხილველი ვარ მე, რომელიც შევესწარი, როგორ გადმოვარდა ნასვამი კორპუსის სახურავიდან. ლია შამუგიას დაშორებული იყო, როდესაც ის და მარინა შეუღლდნენ. ეს კაცი საცხოვრებლად გადმოვიდა აქ, მარინასთან. ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა ვალების გამო, ლია კი გამუდმებით ითხოვდა ფინანსებს. ამის თაობაზე მოუვიდათ ჩხუბი. შემდეგ ლია შამუგია ქუჩაში დახვდა და დანა გამოუსვა ყელში, ძლივს გადარჩა კაცი. რამდენიმე ნაკერი ედო ყელზე.
– ამ ფაქტზე პოლიციაში საჩივარი არ იყო შესული?
– ამირანმა პოლიციიდან საჩივარი გამოიტანა, რადგან მაშინ ბავშვებიც პატარები იყვნენ და არ უნდოდა, მისი შვილების დედა საბოლოოდ გაეწირა. ამის შემდეგ დაახლოებით 2-3 წელი იცოცხლა ამ კაცმა, სმას მოუმატა და ნასვამი გადმოვარდა კიდეც კორპუსიდან. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი ის, რასაც ახლა გეუბნებით. ყელგამოჭრილი ამირან პაპიძეც და ისიც, როგორ გადმოვარდა ამ სახლის სახურავიდან.

ამირან პაპიძის მეორე მეუღლე, მარინა მელაძე ამ თემის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა არ მალავს, რომ მაგდა პაპიძის დედის მიმართ გორის პოლიციაში გამოძიება იყო დაწყებული, მაგრამ საქმე „იმდროინდელი გავლენიანი პირების ჩარევით“ მიიჩქმალა.

“ლიას უკან იდგა გავლენიანი ხალხი. მაგან რამდენი ადამიანიც დაჭრა და რამდენსაც შეურაცხყოფა მიაყენა, გაარკვიეთ პოლიციაში. მაგ წლებში რა საქმეები აქვს გაკეთებული, ის მოიძიეთ. მე რომ გამომიძახეს პოლიციაში მაგის გამო, ვნახე დიდი საქაღალდე მის შესახებ, ცხოვრებაში მაგხელა საქაღალდე არ მინახავს, იმდენი რაღაც ჰქონდათ. იკითხეთ პოლიციაში. ამირანი და ეგ ქალი ისე უბრალოდ არ დაცილებულან, იყო შემთხვევა, რაზეც ახლა მე არ მსურს საუბარი, თუმცა თავად თქვას, რა მიზეზით გაიქცა გორიდან, რას მალავდა“, – ამბობს მარინა მელაძე.

მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე მშობლებს შორის არსებულ სერიოზულ კონფლიქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ლია შამუგია და ამირან პაპიძე თავის დროზე ერთმანეთს ცივილიზებულად დაშორნდნენ.

ლანა პაპიძე:
-როგორ ფიქრობთ დედაჩემს მამაჩემი რომ დაეჭრა პასუხისგებაში არ იქნებოდა მიცემული? რა სისულელეა. გაიკითხეთ ამირან პაპიძე ვინ იყო.. ჩვენ არანაირი ტრავმვა ბავშვობაში არ მიგვიღია. პატარა კინკლაობები ყველა ოჯახში არის. კი ბატონო, მამაჩემს ჰყავდა მეგობარი ქალი და ბუნებრივია ამას დედაჩემი ვერ შეეგუებოდა. დაშორდნენ ერთმანეთს ცივილურად და შემდეგ, ორ წელიწადში მამაჩემი იღუპება, ნასვამ მდგომარეობაში გადმოვარდა სახურავიდან..სხვათაშორის მაშინ ეს საქმეც არ გამოიძიეს, იქნებ ვინმემ გადმოაგდო? მამაჩემი მაგ მარინასთან ცხოვრობდა, სწორედ იქ ყოფნის დროს დაიღუპა კიდეც”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას ლანა პაპიძე.
ვრცლად ამ თემის შესახებ, ასევე ფსიქოლოგის შეფასებები იხილეთ გაზეთ “პრაიმტაიმის” ორშაბათის ნომერში.

Newstime