გიორგი კვირიკაშვილი: დავით კოღუაშვილი “ქართული ოცნების” სიაში არ იქნება

179

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, დავით კოღუაშვილი “ქართული ოცნების” სიაში არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სიაში ყოფნაზე დავით კოღუაშვილმა უარი თავად განაცხადა.
“მე მქონდა მასთან ამ თემაზე საუბარი და განახლებულ სიაში ყოფნა შევთავაზე, მაგრამ მისივე გადაწყვეტილებით, დავით კოღუაშვილი საპარლამენტო სიაში არ იქნება. მას ძალიან სერიოზული პოზიცია უკავია ევროკავშირის ერთ-ერთ პროექტში და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ამ პოზიციიდან ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეუძლია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ დავით კოღუაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად რჩება.
შეგახსენებთ, რომ პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა დავით კოღუაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დროს გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ყოფილ მერს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუხდეს. კოღუაშვილის ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით.

Newstime