Black Sea Arena-ს მოვლა-პატრონობა თვეში 40 000 ლარამდე დაჯდება

122

შეკვეთილში არსებული Black Sea Arena-ს მოვლა-პატრონობა და ხელფასები, არასაკონცერტო პერიოდში, თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე დაჯდება.
ამის შესახებ Black Sea Arena-ს დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. “მშენებლობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და საექსპლუატაციო ხარჯის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ნაკლებად გვაქვს. ჩვენ დაახლოებით ხარჯები ვიცით. არის დიდი სხვაობა კონცერტის დროს და ჩვეულებრივ დღეებში. დარბაზის მოვლა-პატრონობა და ხელფასები კონცერტების გარეშე მერყეობს თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე. რაც შეეხება კონცერტებს, ეს უკვე დამოკიდებულია რა სიმძლავრეები იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ბერიძემ. მისი თქმითვე, მომავალში საკონცერტო დარბაზში იგეგმება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის კონცერტები. „Black Sea Arena 2016 წლის საზაფხულო პროგრამასთან ერთად თავისი ინფრასტრუქტურით სახელმწიფოს გადაეცა. გვაქვს გეგმები და იქნება ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დონის კონცერტი. სულ მალე მოვაწყობთ პრესკონფერენციას, სადაც პირველი კონცერტის თარიღს გავაჟღერებთ და ასევე გახდება ცნობილი, თუ ვინ გამართავს კონცერტს. მომდევნო დღეებში ვიტყვით ასევე თუ რა ღონისძიებები დაიგეგმება სამომავლოდ“, – განაცხადა ბერიძემ.
http://guardian.ge/

Newstime