“30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი”

233

ვახტანგ რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ ქმედებებს ქონების გადანაწილების პროცესს უკავშირებს.
„ამ ყველაფერს ვუკავშირებ ქონების გადანაწილების პროცესს. ასე მოხდა წინა არჩევნებზე და იგივე ხდება დღესაც. არჩევნებზე აღარ უნდათ, რომ ფული დაგვიბრუნონ, რომელიც გვეკუთვნის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ „ცენტრ პოინტის“ კუთვნილი თანხა დააბრუნოს, ხდება ქონების წართმევა.
„10 მილიონი დოლარი, რომელიც მართებს ფინანსთა სამინისტროს ჩვენი, ზედმეტი გადასახადის სახით რომ დაგვიბრუნონ, სულ ააშენებდა ყველა ამ ადამიანის სახლს. იმის მაგივრად, რომ ეს ფული დაგვიბრუნონ, ხდება ქონების წართმევა. ცდილობენ, დაამძიმონ სიტუაცია და მაიას ათქმევინონ უარი ქონებაზე. ჩვენ 95% ვალდებულებები შევასრულეთ მაშინ, როცა 70% ცუდი გადამხდელი გვყავს, მთავრობას კი ჩვენი 50 მილიონი მართებს, რომლის 5% კი სულ დაამთავრებდა ამ პრობლემას. ამას ციფრებით დავამტკიცებ ყველა უწყებაში. ეს იცის პროკურატურამაც და ამიტომაც ცდილობენ გუკას დაჭერას, რომ ქონებაზე უარი ათქმევინონ. თუ არ არის პოლიტიკური, 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი”,- განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Newstime