როინ შავაძის მეუღლე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

87

2008 წელს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის მეუღლეს დაზარალებულად ცნეს. ციცინო შავაძეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი პროკურატურამ დღეს მიანიჭა.

ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, ხელისუფლებამ ეს სტრასბურგის სასამართლოს თვალის ასახვევად გააკეთა, რადგან მკვლელობიდან ზუსტად 8 წელი გავიდა და გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

იმის გამო, რომ დაზარალებული საქმეში არ იყო და დოკუმენტებთან დაცვის მხარეს წვდომა არ ჰქონდა, როინ შავაძის მკვლელობა საქართველოს საერთო სასამართლოებს არ განუხილავთ.

შავაძის ქვრივმა, გამოძიების დაუსრულებლობის გამო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა. საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სამშობლოს მოღალატის ბრალდებით დააკავეს, საღამოს როინ შავაძე კი ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა.

ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ შავაძე სასტიკად იყო ნაწამები და მას მრავალი მოტეხილობები ჰქონდა. მას რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

http://2030.news/

Newstime