კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საეჭვო გარიგების თაობაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს მიმართეს

144

საქართველოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა კახა შენგელიამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს წერილით მიმართა. წერილში საუბარია კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ფონდ „5+11“-სა და კლუბ „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებულ კონტრაქტზე. ხელშეკრულების მიხედვით, ფედერაციამ უცხოურ კლუბს ქართველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების მომზადების სანაცვლოდ 2 500 000 ევრო უნდა გადაუხადოს. კახა შენგელია საეჭვო გარიგებასა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე საუბრობს და მინისტრს სთხოვს აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს:
„ბატონო ტარიელ,
27.09.2014 წელს, ვიტორია – გესტეიზში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციას (GBF), ფონდი 5+11 და სასკი ბასკონია S.A.D.- ს შორის გაფორმდა ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება შედგება მხარეთა განაცხადისაგან, რომლის I პუნქტში მითითებულია, რომ „ფონდი 5+11“ არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სრული შესაძლებლობები რათა განახორციელოს ახალგაზრდა მოთამაშეების მომზადების საქმიანობა, ძირითადად კალათბურთის სფეროში. ხელშეკრულების ამავე ნაწილის III პუნქტში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს კალათბურთის ასოციაციის ერთ-ერთი მიზანია კალათბურთის განვითარება საქართველოში. (ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო თანხები საერთოდ არ არის დაკავშირებული ქართული კალათბურთის განვითარებასთან) ხელშეკრულების ნაწილში – მოთამაშეების მომზადება – კერძოდ, მე-4 პუნქტში მითითებულია კონკრეტულ ვალდებულებებზე, რომელიც უნდა შესრულდეს ესპანეთის მხარის მიერ და ასევე ამავე პუნქტში აღნიშნულია ესპანეთის მიერ შესრულებული ვადლებულებების შემთხვევაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციის მიერ მისაღებ ფინანსურ სარგებელზე. ხელშეკრულების ნაწილის – ეკონომიკური წვლილი – მეათე მუხლში მითითებულია იმ ფინანსური ვალდებულებების და ვადების შესახებ, რომელის შესრულება სავალდებულოა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ასოციაციისათვის.
აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, რომლის უკან სავარაუდოდ დგას კონკრეტული პირების კერძო ინტერესები.

Newstime