გარდაცვლილი დედა და 3 არასრულწლოვანი – რას აცხადებს ახალქალაქის გამგებელი

196

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში ახალგაზრდა ქალი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ცხედრები იპოვეს. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “კვირას“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.
მისი თქმით, თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია გამოირიცხა.
“37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ცხედრები მეზობლებმა იპოვეს. პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გაზით გაიგუდნენ, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი ეს არ გამხდარა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხედრები დამწვარია, მე ვიყავი ადგილზე ჩასული, სახლს ხანძრის კვალი არ ეტყობა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განუცხადა “კვირას“ ახალქალაქის გამგებელმა.
მისივე ინფორმაციით, ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. გავრცელებული ინფორმაციით, დედასა და უფროს გოგონებს, სავარაუდოდ, თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული.

Newstime