მთავარმა პროკურატურამ თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა

159

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია 2016 წლის 28 იანვარს თურქეთში, დუზჯეში საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტი.

ბრალდებულის სახით დაკავებული არიან მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გულიევი და აზადე ომაროვა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 29 იანვარს, თურქეთის სამართალდამცველების მიერ დუზჯეში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნანახი იქნა საქართველოს მოქალაქეების – ემმა შარიფოვას და სახიბ გასანოვის, ასევე თურქეთის მოქალაქის ელნაზ შარიფოვას გვამები. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გარდაცვლილების ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დაიკითხნენ გარდაცვლილების ოჯახის წევრები, თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები და ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებით დადგენდა, რომ ელნაზ შარიფოვა, ემა შარიფოვა და მისი შვილიშვილი სახიბ გასანოვი სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთში, დუზჯეში და ფინანსურად ეხმარებოდნენ მარნეულში მცხოვრებ ოჯახის წევრებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური დანაზოგი, რომელსაც ინახავდნენ დუზჯეში, მათსავე საცხოვრებელ სახლში.

გამოძიების მასალების მიხედვით, 2016 წლის 6 იანვარს მათთან სტუმრად ჩავიდა მარნეულში მცხოვრები აზადე ომაროვა, რომელიც მანამდეც არაერთხელ სტუმრობდა ამ უკანასკნელებს და სარგებლობდა მათი ნდობით. 2016 წლის 26 იანვარს თურქეთში ასევე გაემგზავრა მარნეულში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე ელნურ ანტესოვი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა აზადე ომაროვასთან და მისგანვე გახდა ცნობილი ზემოაღნიშნულ პირთა საცხოვრებელი ადგილი. თურქეთში ჩასვლის შემდეგ, ელნურ ანტესოვი, სტამბულში შეხვდა მის მეგობარს ვუგარ გულიევს, რის შემდეგაც 28 იანვარს გამთენიისას, ისინი აზადე ომაროვას დახმარებით მივიდნენ ემა და ელნაზ შარიფოვების საცხოვრებელ სახლში. ვინაიდან ბრალდებულებისთვის წინასწარ იყო ცნობილი თანხის არსებობის შესახებ, მისი დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს სამი პირის მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს სხეულზე აღენიშნებოდათ ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები დაეუფლნენ გარდაცვლილების კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონებს, ასევე სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2016 წლის 29 იანვარს, მკვლელობის მომდევნო დღეს ბრალდებულებმა დატოვეს თურქეთის ტერიტორია და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს განჩინება ელნურ ანტესოვის, ვუგარ გულიევისა და აზადე ომაროვას დაკავების შესახებ.

მთავარი პროკურატურის და შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2016 წლის 8 ივლისს დაკავებულ იქნა სამივე ბრალდებული. გამოძება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ.

http://2030.news/

Newstime