ლანა პაპიძის ჩვენება, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა !

263

მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დღეს შუალედური შედეგები გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ მასალასთან ერთად გამოქქვეყნდა   ბრალდებულ მაგდა პაპიძის დის – ლანა პაპიძის ჩვენება, სადაც იგი მისი დისა და დის ქმრის –  ურთიერთობაზე საუბრობს.ჩვენება არ ემთხვევა იმას რასაც ლანა პაპიძე ტელეშოუებში ყვებოდა,როგორც ირკვევა ბრალდებულის დას გამოძიებისთვის სულ სხვა შინაარსის ჩვენება აქვს მიცემული.
საზოგადოებას ლანა პაპიძე უმტკიცებდა რომ მისი და ძალიან მოსიყვარულე და უზომოდ ყურადღებიანი დედა იყო. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კი წერია, რომ მისი და შვილს  ჩაგრავდა და ხშირად სცემდა კიდეც.
„ჩემი და მაგდა პაპიძე თავის შვილს ძალიან ცუდად ექცეოდა, ჩაგრავდა და ბევრ ისეთ რამეს უშლიდა, რასაც ბავშვი ძალიან განიცდიდა. ხშირად სცემდა კიდეც პატარა თორნიკეს“ ლანა პაპიძე ჩვენებაში მისი დის ხასიათის შეცვლაზეც ამახვილებს ყურადღებას .

„2015 წლის დასაწყისში მაგდამ ღამის ცვლაში მუშაობა დაიწყო სახლთან ახლოს ბენზინგასამართ სადგურ „ლუკოილთან“ მდებარე მაღაზიაში. იქ მუშაობის შემდეგ მაგდასა და ომარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ომარი წინააღმდეგი იყო მისი იქ მუშაობის, თუმცა მაგდა მის ნათქვამს არაფრად აგდებდა. ჩემმა დამ მომიყვა, რომ სამსახურში ხშირად აკითხავდა უბნელი ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც სიგარეტს და შოკოლადებს უტოვებდა. მე შევატყვე მაგდას, რომ აღფრთოვანებით საუბრობდა ოთარ ბერძენიშვილზე, თუმცა მასთან ურთიერთობას მალავდა. მაგდა იყო ძალიან მოკრძალებული ადამიანი, იცვამდა სადად, თუმცა ზაფხულიდან შეიცვალა ჩაცმის სტილი, გახდა ვულგარული, ომარის დაუკითხავად მთელს ბეჭებზე დაიხატა სვირინგები, რის გამოც ომარი ხელით შეეხო. იღებდა ვულგარულ სურათებს და სოციალურ ქსელში ათავსებდა. საკუთარ თავს ყველაზე წინ აყენებდა და არ გვიჯერებდა არც მე, არც დედას და არც ქმარს. აკეთებდა იმას, რაც მას უნდოდა.
ზაფხულში თბილისის ზღვაზე დაიწყო სიარული, ბავშვიც არ დაჰყავდა, არც ჩემთვის შემოუთავაზებია ზღვაზე ერთად წასვლა. როდესაც ვსაყვედურობდი, რატომ არ მივყავდი, რაღაცას იმიზეზებდა. ვატყობდი, რომ მის გვერდით ჩემი ყოფნა არ უნდოდა. დაახლოებით ორი თვის წინ, მაგდას სამსახურში მივაკითხე და დავინახე, რომ ოთარ ბერძენიშვილს მასზე ხელი ჰქონდა ჩაკიდებული. მინის კარებთან იდგნენ და როდესაც მაგდამ დამინახა, ხელი გააშვებინა. მაღაზიაში კი იმ მიზეზით, რომ თითქოს შემოწმება იყო, არ შემიშვა. შემდეგ ვკითხე, რა ხდებოდა მათ შორის და მიპასუხა, რომ ხელზე მეთამაშებოდა, ვინ ვის არ გახუმრებია, კუდებს ნუ მიაბამო. მაგდას ქცევებიდან გამომდინარე, გამიჩნდა ეჭვი, რომ მაგდა იყო ოთარ ბერძენიშვილის საყვარელი და ომარს ღალატობდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მაგდამ მითხრა, რომ ოთარს მოსწონდა და უნდოდა პატივი ეცა. მან ასევე მითხრა, რომ ოთარმა და მისმა მეგობრებმა მითხრეს, შენი ქმარი „ს…ია“, აქ როგორ გამუშავებსო“.
ამ პერიოდში მაგდა უკვე ვეღარ იტანდა ომარს, აბრალებდა, რომ სვამდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ომარი ერთი წელია ნასვამი არ მინახავს. მე მხოლოდ ორი ფაქტი ვიცი მაგდასგან, როდესაც მას ომარი ფიზიკურად შეეხო – როდესაც დაიხატა სვირინგები და მეორე, როდესაც გაიკეთა აბორტი. მაგდა სულ გაღიზანებული იყო და უკიოდა ომარს, მიუხედავად ამისა, ომარს მაინც უყვარდა ის. მე რაც მას ვიცნობ, მისგან გინება არ გამიგია. მაგდა აღარ მალავდა ჩემთან, რომ თავს უფრო ბედნიერად ოთარ ბერძენიშვილთან გრძნობდა, ვიდრე ომარ ქაფიაშვილთან.
ერთხელ მითხრა, რომ ორი თვეა ომართან ცოლ-ქმრულად არ უცხოვრია. მაგდას ჩემთვის ასევე ნათქვამი აქვს, რომ ოთარ ბერძენიშვილს სთხოვდა ავტომობილს, რაც ომარს გაუგია და უჩხუბია. თუ რატომ აძლევდა ვიღაცას მანქანას, მაშინ როდესაც მას სამსახურში ფეხით უშვებდა. მაგდას ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰქონდა საშინელი ნევროზი, რაც გამოიხატებოდა მის აგრესიულ ქცევებში, კერძოდ, უმიზეზოდ კიოდა. ისე იცვლებოდა მისი შინაგანი სამყარო, რომ მე ჩემს დას ვერ ვცნობდი. როგორც ჩემთვის ცნობილია, მაგდა არ მკურნალობდა არც ფსიქიატრთან და არც ფსიქოლოგთან. არც რაიმე დამამშვიდებელ წამლებს სვამდა“,- ყვება ლანა პაპიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.
მკვლელობაში ბრალდებულის და ასევე ამბობს, რომ მაგდა პაპიძის აგრესიული ხასიათის გამო შეშფოთებას დედა ლიანა შამუგიაც .
„როცა დედაჩემს დავურეკე და სიძისა და შვილიშვილის მკვლელობის შესახებ შევატყობინე, მან მითხრა – „ბოლოს მაგდა ძალიან იყო გაგიჟებული და მაგან ხომ არ ჩაიდინა ეგ მკვლელობაო“. ამ დროს მაგდას დაკავების შესახებ არაფერი ვიცოდით“,- ყვება ლანა პაპიძე.
აღსანიშნავია, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იგივეს ყვება მაგდა პაპიძის დედა, ლიანა შამუგიაც. გარდა ამისა, ლანა პაპიძე გარდაცვლილ სიძეს – ომარ ქაფიაშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებს და ამბობს, რომ კარგის მეტი არაფრის თქმა შეუძლია.
„იგი ძალიან იყო შეყვარებული ჩემს დაზე, ეუბნებოდა ხოლმე, „უშენოდ ვერ ვიცხოვრებო“. იგი ძალიან თბილი, მეგობრული და მოსიყვარულე ბიჭი იყო.“
ამასთან, ჩვენებაში ბრალდებულის და იხსენებს, რომ მკვლელობიდან ორი დღით ადრე მაგდა პაპიძემ ზედმეტი ჩაქუჩი სთხოვა, მიზეზად კი სახლში რაღაცის შეკეთება დაასახელა. საგულისხმოა, რომ გამოძიების მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი – დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო, რომელზეც დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა – დნმ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით დააკავეს მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის – უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი – 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას. დაკავებულს ჩადენილი დანაშაული არ უღიარებია.

Newstime