მამუკა არეშიძე რევანშს აპირებს გარდაბანში !

123

ვაპირებ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის პოსტზე კენჭისყრას, თუ რა თქმა უნდა „ქართული ოცნება“ წარადგენს ჩემს კანდიდატურას, – ამის შესახებ guardian.ge–ს ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.

 
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მე მქონდა კონსულტაციები გაზაფხულზე “ქართული ოცნების” ხელმძღვანელ პირებთან. მე ვაპირებ რევანშს, რადგან 2012 წელს გიორგი ფეიქრიშვილთან არ წამიგია, მაშინ არჩევნები გააყალბეს”, – განაცხადა არეშიძემ და დაამატა: „წარადგენს თუ არა გიორგი ფეიქრიშვილს „ქართული ოცნება“, ეს პარტიის გადასაწყვეტია”.

 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ფეიქრიშვილი ასევე მზად არის, კვლავ იყაროს კენჭი გარდაბნის საარჩევნო ოლქში, თუკი მაჟორიტარობის კანდიდატად მას აღნიშნულ ოლქში „ქართული ოცნება“ დაასახელებს.

 

 

როგორც ფეიქრიშვილმა guardian.ge-ს განუცხადა, პარტიის ხელმძღვანელ პირებთან საუბარი აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით არ ჰქონია და არც იმაზე ფლობს ინფორმაციას, „ქართული ოცნებიდან“ მის გარდა ვინ შეიძლება იყოს დასახელებული გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატად.

 

 

“ვინ შეიძლება იყოს ჩემს გარდა არ ვიცი, თავად იციან პარტიაში. მექნება კონსულტაციები და გავიგებთ ყველაფერს. თუ „ქართული ოცნება“ წარმადგენს, ერთადერთი ამ შემთხვევაში ვიყრი კენჭს, სხვა შემთხვევაში – არა“, – აცხადებს გიორგი ფეიქრიშვილი.

 

 

გიორგი ფეიქრიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” წარადგინა. მან მისი მთავარი მოწინააღმდეგე კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა არეშიძე დაამარცხა და პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრიდან მალევე “ნაციონალურ მოძრაობას” გაემიჯნა და საქმიანობა ფრაქცია “დამოუკიდებელ მაჟორიტარებში” განაგრძო. აღნიშნული ფრაქცია პარლამენტში “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივების მხარდამჭერია.

წყარო: guardian.ge

Newstime