მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით, შესაძლოა აქციები დაიწყოს

212

13:55 08.07.2016
[“პრესა.ჯი”]
უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები დაიწყოს.

როგორც მაგდა პაპიძის დედასთან ლია შამუგიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა ისაუბრა, მაგდა პაპიძის შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

„დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც პროკურორების, ასევე, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის მხრიდანაც, დაკავებიდან ერთ საათში „ფეისბუქში“ დაწერა სტატუსი, რომ ქმრისა და შვილის მკვლელი დაკავებულია. მან მოახდინა მაგდას დემონიზაცია ხალხის თვალში. არ შეიძლება, თანამდებობის პირები ასე საუბრობდნენ“, – განაცხადა ბექაურმა.

ასევე, უფლებადამცველის თქმით, მაგდა პაპიძის საქმე უნდა გადაიხედოს.

ის ასევე, მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეისწავლოს პაპიძის საქმე და შესაძლებლობების ფარგლებში, ის შეიწყალოს.

4 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული, 25 წლის მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს. ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა მიესაჯა.

Newstime