ქოხი 2 მილიონად, ანუ როგორ შენდებოდა რაბათის ციხე – „სენტა პეტროლიუმის“ და ბიზნესტერორის საქმეები

179

ქოხი 2 მილიონად ანუ როგორ შენდებოდა რაბათის ციხე – „სენტა პეტროლიუმის“ და ბიზნესტერორის საქმეები – შესაბამის თემაზე ტელეკომპანია “იმედმა“ სიუჟეტი მოამზადა.
გთავაზობთ  სიუჟეტის ტექსტობრივ ვერსიას უცვლელად :
2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ახალციხის სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიჩნია, 2012 წელს ორმა ბიზნესმენმა საკუთარი ნებით ქოხში გადაიხადა 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრასი ათასი ლარი).
„2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა ე.წ. „პიქსელის“ შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს „სენტა პეტროლიუმის” და შპს „ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოგვთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი, განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.
უარის შემთხვევაში, როგორც მან გვითხრა, მოხდებოდა ჩვენი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა. ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდა.
ყოველი მომდევნო შეხვედრისას, თავდაპირველად დასახელებულ თანხას კეზერაშვილი ამცირებდა, რაც საბოლოოდ 22,200,000 აშშ დოლარით განისაზღვრა“,- აცხადებს „სენტა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.
ბიზნესმენებს 22,200,000 დოლარიდან 16,000,000 დოლარი, არსებული საბანკო კრედიტის მომსახურებისა და ბიუჯეტის წინაშე, აღნიშნული ნასყიდობის გაფორმების შედეგად გამოწვეული გადასახადების დასაფარად გადაახდევინეს.
„ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრებულა. 2012 წლის მაისში პროკურატურამ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს წაგვიყენა აბსურდული ბრალი და სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეგვიფარდა. გლდანის ციხეში, ისევ არნახული ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გავხდით, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ 4 000 000 ლარი გადაგვეხადა.
2012 წლის 12 ივლისს, კვლავ ზეწოლისა და პროკურატურის მითითებით, ჩვენმა კომპანიამ იძულებითი მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში, სადაც ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე 121 კვ.მ. მიწის ფართობზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობა 1 900 000 (!) ლარად შეგვაძენინეს, მაშინ როდესაც შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 8 000 ლარი გახლდათ.“,- აცხადებს დავით მიმინოშვილი.
„აძალიან დიდი იმედი მოგვეცა, რომ კეზერაშვილს ბრალი დაუმძიმდებოდა, მაგრამ პროკურატურის მხრიდან აქტიურობას ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ ძალადობის შესახებ საკმაოდ ბევრი ჩვენება და მტკიცებულებაა. სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა. საზოგადოებაში უკვე არის იმედგაცრუება. ეს არ ხდება მხოლოდ ჩვენს მიმართ, ადამიანები ფიქრობენ, რომ ვერასოდეს დაიბრუნებენ წართმეულ ქონებას და იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ“, – აცხადებს ზაალ იაკობიძე.
ღირს თუ არა ჭვინთის ქოხი 2 მილიონი, სააპელაციო სასამართლოს პასუხი 27 ივლისს უნდა გაეცა, თუმცა პროცესის ნოემბრისთვის გადაიდო.
„საქმე გადადეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ, როგორი პოლიტიკური ძალაც მოვა ოქტომბერში, ალბათ იმდაგვარი გადაწყვეტილება დადგება“, – აცხადებს მოსარჩლე მხარის ადვოკატი გიორგი ბოჭორიშვილი.
ბიზნესმენები „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ სწორედ ასეთი აუქციონებით შეაგროვა ვანო მერაბიშვილმა რაბათის ციხის ასაშენებელი ფული, რომლითაც შემდეგ სააკაშვილი დიდხანს ამაყობდა.

რაც შეეხება პროკურატურას… დაწყებული საქმეები…

იმ საქმეთა ჩამონათვალში, რომელზეც პროკურატურამ 2012 წლის 28 დეკემბერს საქმეები აღძრა, ჭვინთის ცნობილი ქოხიცაა… მაშინ, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ სახეზე იყო ბიზნესის აშკარა ტერორი…
2012 წლის 28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N084281212802 საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „დ” ქ/პუნქტით. საქმე ეხება რაბათის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტისმ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტებს. საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული იქნა 2011-2012 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამ საქმეს ძიები პროცესში დაფიქსირდა ძალზე საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ქვემოთ გაგცნობთ.

აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2011-2012 წლებში მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა ობიექტის საპრივატიზაციოდ გამოყოფის შესახებ, კერძოდ: გამოიყო ახალციხის რაიონის სოფ. აწყურში 20000კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ამორტიზებული ყოფილი მეცხოველეობის კომპლექსი, აღნიშნული ობიექტი აუდიტის მეშვეობით შეფასდა 14 400 ლარად, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით საწყისი ფასი გაიზარდა 63 000 ლარამდე. აუქციონზე მონაწილე პირად დარეგისტრირდა შპს „ჯორჯიან ინვესტი,” რომლის წარმომადგენელი – იყო მირდატ ქამადაძე, ხოლო დირექტორი ჯუანშერ მაშია, იმ დროს მოთავსებული იყო სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში. საბოლოოდ სოფ. აწყურში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, შპს „ჯორჯიან ინვესტმენტმა” 4 949 500 ლარად შეიძინა, მაშინ როცა საწყისი ფასი 63000 ლარი დაფიქსირდა, ხოლო ვაჭრობაში სხვა პირს მონაწილეობა არ მიუღა.

2. ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 168 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი ეფრაიმ გური (რომელიც შემდგომ მოხსენიებულია, როგორც მყიდველი), ხოლო მინდობილ პირად წარმოდგენილი იქნა გიორგი ჩხეიძე. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყიდა 409 200 ლარად.

3. ახალციხის რაიონის სოფელ წირაში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 753 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 12 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო სს „თი-ბი-სი” ბანკი, რომლის წარმომადგენელიც იყო გიორგი ჯანდიერი. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ „თი-ბი-სი” ბანკი, რომელმაც ობიექტი შეისყიდა 500 000 ლარად.

4. ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბი – ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 121 კვ.მ. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 8 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს „ბემონი”(დირექტორი დავით მიმინოშვილი), რომლის წარმომადგენელიც იყო მამუკა ფირანიშვილი. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ შპს „ბემონი”, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 1 900 000 ლარად.

5. ახალციხის რ-ის სოფ. წყალთბილაში მდებარე კლუბი ბიბლიოთეკა, საერთო ფართობით 391კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი ჯემალ გვარლიანი, აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ ჯემალ გვარლიანი, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 100 000 ლარად. აღნიშნული ობიექტი ჯ. გვარლიანმა შემდგომში კვლავ აჩუქა სახელმწიფოს.

6. ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში მდებარე კლუბი-ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 257კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელ ექსპრეს ჯორჯია”, რომლის წარმომადგენელიც იყო გიორგი სურგულაძე. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 570 000 ლარად.

7. ახალციხის რაიონის სოფელ ჯულღაში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 409 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო კ.ს. “კოწიწაშვილი და კომპანია”, რომლის წარმომადგენელიც იყო ვახტანგ კოწიწაშვილი. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ ხსენებული ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.

8. ახალციხის რაიონის სოფელ ორალში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 264 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს “სამშენებლო კომპანია ოდი”, რომლის წარმომადგენელიც იყო მიხეილ ჩხიტუნიძე. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ ხსენებული ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 100 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ წაუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.

9. ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე კლუბი სახლი საერთო ფართობით 138 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 5 000 ლარად, აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს”ინსტა ჯორჯია”, რომლის მინდობილი-წარმომადგენელიც იყო გიორგი მეფარიშვილი. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ ხსენებული პირი, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 500 000 ლარად. შპს”ინსტა-ჯორჯიას” დირექტორი ლევან სიმონიშვილი ამ პერიოდში იყო პატიმარი. შესყიდული ქონება მან შემდგომ დაუბრუნა სახელმწიფოს.

10. ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე ბიბლიოთეკა და მედპუნქტი საერთო ფართობით 186 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 4 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი დავით ანდრონიკაშვილი. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და იგი საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია.

11. ახალციხის რაიონის სოფელ ანში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 185 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 10 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს”ფოთიქალაქ სერვისი”, რომლის წარმომადგენელიც იყო აკაკი შურღაია. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაცია, რომელმაც ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.

საერთო ჯამში, ზემოაღნიშნული ობიექტების რეალიზაციის შედეგად გადახდილ იქნა 9 632 000 ლარი. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება სულ შეადგენდა 161 000 ლარს.
როგორც მასალებიდან იკვეთება, შესყიდვის პროცესში 2-მესაკუთრე იყო პატიმარი (შპს „ჯორჯიან ინვესტმენტის”დირექტორი ჯუანშერ მაშია და შპს”ინსტა ჯორჯიას” დირექტორი ლევან სიმონიშვილი;
შემსყიდველთაგან 2-მესკუთრემ შესყიდული ქონება დაუბრუნა სახელმწიფოს ჩუქებით (შპს”ინსტა ჯორჯიას” დირექტორი ლევან სიმონიშვილი და მოქალაქე ჯემალ გვარლიანმა).
2013 წლის 22 თებერვლისათვის მოწმის სახით დაბარებული იქნა შპს „ჯორჯიან ინვესტმენტ”-ის წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე, დავით ანდრონიკაშვილი და შპს „ინსტა ჯორჯია”-ს წარმომადგენელი გიორგი მეფარიშვილი.
ამრიგად, სახეზეა ბიზნესის ტერორის აშაკარა ფაქტები. გამოძიება ამ საკითხზე გრძელდება, იკითხებიან მოწმეები და უახლეს მომავალში ამ ფაქტს გამოძიება მისცემს სამართლებროვ შეფასებას.
ასეთ განცხადებას ავრცელებდა პროკურატურა 2013 წლის თებერვალში… თუმცა, როგორ აღდგა სამართლიანობა, ამას ერთი ქოხის ისტორიის მაგალითზეც ვხედავთ…

Newstime