სახელმწიფოს Black Sea Arena „ქართუსგან“ ოფიციალურად 9 ივლისს გადაეცემა

261

ფონდი „ქართუ“, უმაღლესი სტანდარტის, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზს – Black Sea Arena, სახელმწიფოს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას, ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელს ხვალ, 14:00 საათზე, შეკვეთილში მოაწერენ.

ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები/რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

“რეგიონში პირველი, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში, დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვის შესაძლებლობას იძლევა. BLACK SEA ARENA აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით; თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს; შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუ-პროგრამას. ხელმოწერის ცერემონიამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკონცერტო დარბაზს დაათვალიერებს”,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Newstime