საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ეკა ბესელია ინიშნება?

89

ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს სთავაზობენ. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მგონია, რომ სადაც ვარ და რა საქმესაც ვაკეთებ, არცთუ ურიგოდ ვაკეთებ. მე ადამიანის უფლებების დაცვას გავაგრძელებდი მომავალში“, – აღნიშნა მან.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფოთის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური საბჭო ერთობლივად მიიღებს.
„უახლოეს დღეებში შეიძლება დასახელდეს სიის პირველი ათეული და მაჟორიტარი კანდიდატებიც. ჩვენ ახლა ვასრულებთ შიდა კვლევის ანალიზს, რომელიც ეხებოდა საქართველოს თითქმის ყველა საარჩევნო ოლქს. გაანალიზდება კვლევის საბოლოო შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭოს ფორმატში მაჟორიტარებთან დაკავშირებით და საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნება უახსლოეს დღეებში. რაც შეეხება, ჩემს შემოთავაზებას ფოთის მაჟორიტარობასთან დაკავშირებით, ასეთი საუბარი იყო, თუმცა ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ამ კვირაში მივიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას განმარტებით, როდესაც „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური საბჭო საბოლოოდ შეჯერდება, ვინ სად გადანაწილდება და სად წარმოადგენს მმართველ პოლიტიკურ პარტიას, მისთვის მნიშვნელობა არ ექნება, სად იქნება „მისი ლოკაციის ადგილი.“
„მზად ვარ, იმის მიუხედავად, სად იქნება განსაზღვრული ჩემი ლოკაციის ადგილი, რადგან მაქვს პოზიცია, რომ ერთნაირად უნდა ვიცავდე ადამიანის უფლებებს – როგორც ფოთში, ასევე სენაკში, აჭარაში თუ დედაქალაქში. საკითხი განიხილება ისე, თუ სად იქნება უკეთესი, რომ ეკა ბესელია იყოს წარმოდგენილი. ამას პარტია პოლიტიკურ საბჭოსთან ერთად გადაწყვეტს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Newstime