„ლევან ვარშალომიძემ სააკაშვილისგან სამხედრო დაჯგუფებების შექმნის დავალება მიიღო“

195

სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლევან ვარშალომიძე ბათუმში არეულობის შექმნას შეეცდება, შესაბამისად, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი პოლიტიკური ლიდერების პარტიიდან გასვლით, რეიტინგი ვერ აიმაღლა, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მეორე გეგმაზე გადავიდა, რომლის თანახმად, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა შექმნას და საარჩევნოდ არეულობა მოაწყოს.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძემ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, რათა ბათუმში სამხედრო დაჯგუფებები შექმნას. ამავდროულად, უნდა აწარმოოს სხვა რეგიონებში ყოფილ ზონდერებთან მოლაპარაკებები და მოიყვანოს სრულ საბრძოლო მზადყოფნამდე.

3 დღის წინ ვარშალომიძე 10-კაციან ჯგუფს შეხვდა და მათ მისცა დავალება, ყველა რეგიონში შეიქმნას შეიარაღებული დაჯგუფებები. ისინი დაიწყებენ ბათუმში არეულობას.

ამავდროულად სააკაშვილმა კალანდაძეს, გენშტაბის ყოფილ უფროსს, დაავალა მოამზადოს 25-კაციანი ჯგუფი უკრაინაში და გაიარონ წვრთნები, რათა გააძლიერონ ბათუმში შექმნილი ფორმირებები”,- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

სამხედრო ექსპერტი მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, შს სამინისტროს და პრემიერს, კონტროლზე აიყვანონ ბათუმის მიმართულება და „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოქმედებები, „რათა საფრთხეები თავიდან იყოს აცილებული”.

წყარო

Newstime