ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა

252

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, საქართველოდან 2 603 ტონა ატამია ექსპორტირებული (2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 466 ტონას შეადგენდა). ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 14 ათას ტონამდე ატამია რეალიზებული.

სამინისტროს ინფორმაციით, ქ.გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

ამასთან, ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (69%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (18%),  ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

ამასთან, კახეთის რეგიონში ატამს შპს. ,,ქართული ხილის კომპანია“ იბარებს, რომელსაც დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს. ,,ქართული ხილის კომპანია“ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადასული. გარდა აღნიშნული კომპანიისა, გახსნილია 20-მდე მიმღები პუნქტიც.

Newstime