გიორგი გიგაური: სააკაშვილის „კასირს“ ხელი დაადეს, ანუ როგორ „აახია“ დავით კეზერაშვილმა 60-მილიონიანი ბიზნესი!

332

„ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც აშკარად და ურცხვად აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუნდაც იმ მასალების გამო იმსახურებს გასამართლებასა და აკრძალვას, რომლებსაც წინამდებარე სტატიაში იხილავთ! ვგონებ, ნორმალურ და ჭკუათმყოფელ ადამიანს ამის შემდეგ მაინც აღარ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ „ნაცმოძრაობა” ჩვეულებრივი კრიმინალურ-მაფიოზური ბანდაა!

სულ ახლახან თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სააკაშვილის „კასირის” – დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი ჩვენებები მისცა მისმა ყოფილმა მოადგილემ დავით მუჯირმა! ეს ჩვენებები კი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ თვითმხილველის მონათხრობით დასტურდება, როგორ ძარცვავდა და აყაჩაღებდა ბიზნესმენებს სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილის ბანდა!

საქმე ეხება 2010 წელს კეზერაშვილის მიერ შპს „სენტა პეტროლეუმის” დაყაჩაღებასა და მითვისებას, რის შედეგადაც სააკაშვილის „კასირმა” მრავალმილიონიანი ქონება ჩაიგდო ხელში!

„იმ პერიოდში საქართველოში რაც ხდებოდა, სულ იყო მმართველი გუნდის 3-4 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი წყვეტდნენ ნებისმიერი ადამიანის ბედს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო დავით კეზერაშვილი. კეზერაშვილის ნათქვამი ავტომატურად ნიშნავდა ადეიშვილის ნათქვამსაც და მერაბიშვილის ნათქვამსაც…

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩემი მუშაობის პერიოდში, ყოველ საღამოს მოდიოდა კეზერაშვილი ადეიშვილთან და იქ იყო კრება. ან ყოველ საღამოს მასთან (კეზერაშვილთან – გ.გ.) იკრიბებოდნენ უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი. ძალიან ბევრჯერ, მაგ შეხვედრებზე კაბინეტში რამდენჯერმე ვარ შესული, როდესაც ერთად იყვნენ შეკრებილები…” – განუცხადა სასამართლოს დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას მისმა მოადგილემ მამუკა მუჯირმა.

დავით მუჯირი ასევე რამდენჯერმე პირადად შეესწრო, მუქარითა და შანტაჟით როგორ ართმევდა კეზერაშვილი 60 მილიონ დოლარად შეფასებულ ბიზნესს შპს „სანტა პესტროლეუმის” დამფუძნებლებს ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს!

„შეხვედრები იყო „პიქსელის” შენობაში, ძირითადად მეცხრე სართულზე, მოლაპარაკების დარბაზი ჰქონდათ და ის ებრაელი პარტნიორები იქ ისხდნენ. თუ არ მეშლება, რატი ჭელიძე იყო იურისტი მათი მხრიდან, ვისგანაც მოდიოდა აგრესია (შპს „სენტა პეტროლეუმის” დამფუძნებლების – გ.გ.) მიმართ. თუ არ მეშლება, ორი ან სამი ეგეთი შეხვედრის დამსწრე ვარ.

იქ მუდმივი მუქარა იყო, რომ ციხეში წავიდოდნენ, ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ და ა.შ. ეს მოდიოდა იმ პარტნიორებისგანაც და კეზერაშვილისგანაც.

კეზერაშვილის პარტნიორი ებრაელებიც იქ იყვნენ და მაგის რატი ჭელიძეც. დაუწყო გინება, მუქარა, თქვენ მე ვინ გგონივართ, ციხეში ამოგალპობთ, ცოცხალი ვერ გამოხვალთ ვერავინ, რას ჰქვია, დელეგატებს მიგზავნითო…” – განაცხადა სასამართლოზე მოწმე მუჯირმა.

ახლა ვნახოთ, რა უპასუხა ადვოკატის შეკითხვას იმავე დავით მუჯირმა:

„ადვოკატი: თქვენ თქვით, რომ პირველ შეხვედრაზე კეზერაშვილს უთხარით, თავი დაენებებინა იაკობიძისა და მიმინოშვილისთვის, რაზეც გიპასუხათ, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო „ზევიდან”. სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი სახელდებოდა?

მუჯირი: მიშასთან, ვანოსთან და ადეიშვილთან შეთანხმებული მაქვსო, ასე თქვა….”

რაც შეეხება „სენტა პეტროლეუმის” დამფუძნებლებს დავით მიმინოშვილსა და ზაალ იაკობიძეს, მათ არა მხოლოდ ბიზნესი დაათმობინეს, არამედ ციხეშიც გამოამწყვდიეს და, როგორც იტყვიან, კუდის რიკამდე გაატყავეს!

„რადგან ძალადობისა და განხორციელებული მუქარის არაერთი მაგალითი იყო ჩვენს გარშემო. ოჯახის წევრების დაცვის მიზნით, იძულებულები გავხდით, დაგვეთმო ბიზნესაქტივები, რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით სამჯერ უფრო დაბალ ფასად, კეზერაშვილის მიერ მითითებული კომპანიებისთვის… ყოველივე ეს განხორციელდა სხვადასხვა თარიღებში დადებული 16 დამოუკიდებელი ხელშეკრულების საფუძველზე…” – განუცხადა ბიზნესმენმა დავით მიმინოშვილმა სააგენტო „IPRESS”-ს.

აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესმენებისთვის კეზერაშვილის მიერ გადახდილი 22 მილიონი დოლარიდან 16 მილიონი „საბანკო კრედიტის მომსახურებისა” და „ნასყიდობის გადასახადის” დასაფარავად უკან „ააწაპნეს!”

თუმცა, ბიზნესის „ახევის” საქმე ამით არ დასრულებულა:

„ჩვენი უბედურება ამით არ დამთავრებულა. 2012 წლის მაისში პროკურატურამ ორივე დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძესა და დავით მიმინოშვილს, წაგვიყენა აბსურდული ბრალი და სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეგვიფარდა. გლდანის ციხეში, ისევ არნახული ზეწოლის შედეგად, იძულებული გავხდით, აღმკვეთი ღონისძიების სანაცვლოდ, 4 მილიონი ლარი გადაგვეხადა.

2012 წლის 12 ივლისს (ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე – გ.გ.), კვლავ ზეწოლისა და პროკურატურის მითითებით, ჩვენმა კომპანიამ იძულებითი მონაწილეობა მიიღო საჯარო აუქციონში, სადაც ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე 121 კვ.მ მიწის ფართობზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობა 1,9 მილიონ ლარად შეგვაძენინეს, მაშინ – როდესაც შენობის საწყისი ფასი აუქციონზე 8000 ლარი გახლდათ.

საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ 60 მილიონ დოლარად შეფასებული ჩვენი კუთვნილი ბიზნესი და ქონება კეზერაშვილმა, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ მიითვისა…” – ნათქვამია ბიზნესმენ ზაალ იაკობიძის ჩვენებაში.

აი, ძვირფასო მკითხველო, ეს არის მხოლოდ ერთი ისტორია იმ ათასობით ანალოგიურიდან, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რა სადისტური და ავაზაკური მეთოდებით ხდებოდა ბიზნესის დაყაჩაღება და მილიარდების ჩაჯიბვა!

აი, ასეთი სქემით მიმდინარეობდა „საქართველოს აყვავება” და „ეკონომიკური რეფორმირება” სააკაშვილის საქართველოში!

და ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებდნენ თვალს ის ნაცი დეპუტატები, რომლებიც დღეს, ვითომც აქ არაფერიაო, ისევ ემზადებიან „ხალხის რჩეულობისათვის” და გახელისუფლებისათვის?

არადა, ყოველივე ამის შემდეგ, მოდი და ნუ იტყვი:

სააკაშვილის მაფიოზური ბანდა უნდა გასამართლდეს!

სააკაშვილის კრიმინალური „ნაცმოძრაობა” უნდა აიკრძალოს!

გიორგი გიგაური

Newstime